მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში 15 000-ზე მეტი სამგზავრო აბონემენტია გაყიდული - დედაქალაქის მერი

61fa35a6f1be4
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.22 11:49
603
თბილისის მერის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული გადახდის სისტემის ამოქმედების შემდეგ დღეისთვის სულ 15 000-ზე მეტი სააბონენტო პაკეტია გაყიდული. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მგზავრობის საშეღავათო პირობები, რომლითაც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები სარგებლობდნენ, შენარჩუნდება.

„1 თებერვლიდან ამოქმედდა სააბონემენტო პაკეტები და დღეისთვის სხვადასხვა სახის 15 000-ზე მეტი პაკეტია გაყიდული.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის საშეღავათო პირობები, რომელიც გვქონდა გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, რა თქმა უნდა ვრცელდება ამ აბონემენტებითაც.

ის ოჯახები, ვინც გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა, 1 თებერვლიდან ინტეგრირებული სისტემით მიკროავტობუსებით მგზავრობისას 10-, 20-თეთრიანი პაკეტებით და უფასოდ იმგზავრებენ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: თბილისის მერიის ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრობის ერთიანი/ინტეგრირებული გადახდის სისტემა ამოქმედდა, რაც მანამდე არსებული გადახდის სისტემისგან განსხვავებულია. კონკრეტულად კი მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსში მოქალაქეები მგზავრობის საფასურს სპეციალურად შემუშავებული 90-წუთიანი, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი და ერთწლიანი აბონემენტის შეძენით შეძლებენ. თუმცა მგზავრები საფასურის გადახდას ძველი, დღემდე მოქმედი ბარათებითაც შეძლებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები