თბილისში 198 ელექტროდამტენის დამონტაჟებისთვის გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. აუქციონი ამ დამტენების 10-წლიან იჯარას მოიცავდა.
მერიამ 198 დამტენის აუქციონები იანვარში გამოაცხადა. პროექტი სამ ლოტად არის დაყოფილი, რომლიდანაც თითოეული 66 დამტენის მოწყობას ითვალისწინებს. თითოეულ ლოტზე საწყისი ფასი წლიური იჯარისთვის 43,560 ლარს შეადგენდა, თუმცა აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო ფასი ამაზე 11.5-ჯერ ძვირი იყო. პირველ და მეორე ლოტზე საბოლოო ფასი წლიური იჯარისთვის 501,306 ლარია, ხოლო მესამე ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი 510,000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად სამივე ლოტის წლიური საიჯარო ფასი 1.5 მილიონ ლარს, ხოლო 10-წლიან პერიოდში კი 15 მილიონ ლარს შეადგენს.
BMG-ის თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ იქამდე სანამ კომპანიებთან კონტრაქტები არ გაფორმდება მათ ვინაობას ვერ გაასაჯაროვებენ.