თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ახალი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაშია ასახული.
დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება 259-საწოლიანი იქნება. აქედან 174 საწოლი ფსიქიატრიულ, ხოლო 85 საწოლი ნარკოლოგიურ მიმართულებას დაეთმობა. პროექტის საერთო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ ინიციატივის მთავარი მიზანია „არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურისა და საწოლფონდის დეფიციტის აღმოფხვრა, სამედიცინო სიმძლავრეების გაფართოება და ახალი, სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა“.
პროექტის განხორციელების განრიგი ასე გადანაწილდა:
- 2027–2031 წლებში: სამშენებლო სამუშაოებისთვის ყოველწლიურად 8 მილიონი ლარი გამოიყოფა;
- 2030–2031 წლებში: ტექნოლოგიური აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 10 მილიონი ლარი (2030 წელს - 6 მლნ, ხოლო 2031 წელს - 4 მლნ ლარი).
შეგახსენებთ, 2023 წელს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ "„დღეს, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა ამ საწოლების რაოდენობა მინიმუმ გასაორმაგებელია". bm.ge შეეცდება გაარკვიოს, რამდენი საწოლია დღეს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის.






















