მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში $3 მლრდ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა - Galt & Taggart-ის მიმოხილვა

ბინები

2023 წელს თბილისში 2.9 მლრდ დოლარის ღირებულების 39,949 ბინა გაიყიდა. ტრანზაქციების 7.0%-იანი წლიური კლების მიუხედავად, გაყიდული ბინების ღირებულება დაახლოებით 9.9%-ით გაიზარდა, რაც პირველად ბაზარზე ბინების ფასების ზრდითაა განპირობებული. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2023 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.

მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ გასულ წელს ბინების გაყიდვები 2021 წლის მაჩვენებელს 7.7%-ით აჭარბებს. ამასთან სექტორის მიმოხილვაში ისიცაა აღნიშნული, რომ 2023 წელს მეორად ბაზარზე ბინების გაყიდვების შემცირება მიგრანტების რაოდენობის შემცირებითაა განპირობებული.

„2023 წელს ტრანზაქციების კლება მთლიანად განპირობებული იყო მეორადი ბაზრის 13.5%-იანი წლიური შემცირებით, რადგან პირველად ბაზარზე გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეორად ბაზარზე მოთხოვნის შემცირება ძირითადად მიგრანტების ეფექტის შესუსტებას და ქირის დასტაბილურებას ასახავს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს 2022 წელს მეორად ბაზარზე გაზრდილ ტრანზაქციებში. ამავდროულად, 2023 წელს თბილისში გაიზარდა მშენებარე პროექტების რიცხვი, რამაც მდგრადი მოთხოვნის პირობებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ზრდის ტენდენცია განაპირობა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-მა თბილისის საცოხვრებელი ბინების სექტორი 2024 წლის იანვარში თბილისის 13 სისტემური დეველოპერის გამოკითხვის საფუძველზე მიმოიხილა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა. საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, 2023 წელს ბინების გაყიდვები დეველოპერების მიერ წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას უსვამს ხაზს.

„2023 წლის მე-4 კვარტალში გაყიდვებმა წინა სამი კვარტლის გაყიდვების საშუალო მაჩვენებელს 21.9%-ით გადააჭარბა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია, ხოლო პროექტებში რომელებიც 2026-28 წლებში სრულდება მთლიანი ბინების თითქმის ნახევარია გაყიდული“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომპანიების გამოკითხვის შედეგად ასევე გაირკვა, რომ 2023 წელს ბინების ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა.

„პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი მეორად ბაზარზე ფასის ზრდას (+21.3% და +10.0% წ/წ, შესაბამისად) ორჯერ აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე ფასები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრდილი. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის) აღემატება“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები