თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფეებს სივრცეების მოსაწესრიგებლად მიცემული ვადა ამოეწურათ. ცნობისთვის, მიმდინარე თვეში, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კაფეებს 24 აგვისტომდე მიეცათ დრო, თავიანთი სივრცე მოეწესრიგებინათ, სხვა შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსახური დემონტაჟს დაიწყებს.
როგორც მან დაახლოებით ათი დღის წინ განაცხადა, იქ მაცხოვრებელი თუ მიმსვლელი ბევრი ადამიანი წუხდება, აღმაშენებელზე განლაგებული კაფეებით, რადგან ფეხით მოსიარულეს ან სასწრაფო, სახანძრო ავტომობილებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვთ.
„აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფეებს, სადაც ფეხით გავლა ფაქტობრივად შეუძლებელია, გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები - ამას არ ვუზღუდავთ, პირიქით პანდემიის პერიოდში იცით, როგორი მხარდაჭერა იყო მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც თქვენ გაქვთ გაკეთებული, კატეგორიულად მიუღებელია.
გონივრულ ვადას გაძლევთ, ეს ყველაფერი მოაწესრიგოთ, რადგან ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ღია კაფეების მოცულობა უნდა შემცირდეს, რადგან ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ და გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს ფეხით მოსიარულეთათვის ან სასწრაფო, სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ.
ჩვენი არქიტექტურის სამსახური მზად არის თანამშრომლობისთვის, ამიტომ თუ აღნიშნული სივრცეები მოწესრიგებული არ იქნება, კანონის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა 15 აგვისტოს.