თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, თბილისში შექმნილი ნებისმიერი ახალი პარკის ირგვლივ, მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, უძრავი ქონების ფასი კი იზრდება. ამის შესახებ ვახტანგ ლომჯარიამ დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
BM.GE-ის კითხვაზე - როგორია დედაქალაქის საინვესტიციო პოლიტიკა და რომელ პროექტებში ინვესტირებას სთავაზობს ბიზნესს მერია, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი კონკრეტულ პროექტებს ვერ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომელ დარგებშია ინვესტირება მიმზიდველი. ის აღნიშნავს, რომ დედაქალაქში მიმდინარე პროექტები საინვესტიციო გარემოს აუმჯობესებს.
„თბილისი საინვესტიციოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია ჩვენს რეგიონში, სწორედ იმიტომ რომ აქ უზრუნველყოფილია, როგორც მშვიდობა, ასევე უსაფრთხოება. უსაფრთხოება ერთ-ერთი საკითხია, რომლითაც თბილისი ამაყობს და ის საკითხი, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება, განაპირობებს იმას, რომ თბილისი ჩამოყალიბებულია, როგორც კულტურული, ეკონომიკური, განათლებისა და სამშენებლო ცენტრად უახლოესი რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში. აქ არის კარგი საშუალებაა ფული დაბანდდეს სამშენებლო ბიზნესში, სადაც ძალიან დიდი ინვესტიციები იდება, ასევე ფული დაბანდდეს ჯანდაცვის, განათლების სექტორში და კრეატიულ ბიზნესში. კვლევებმა გვიჩვენეს, რომ სწორედ ეს მიმართულებებია ყველაზე საინტერესო აქ არსებული ადამიანური კაპიტალიდან და ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე, რომელიც თბილისს აქვს.
ამ ეტაპზე ახალ საინვესტიციო შემოთავაზებებზე ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა პროცესი, რომელიც იმართება, თუნდაც პარკების მშენებლობა, ამაზეც კვლევას ვატარებთ და დამერწმუნეთ, ეს უზარმაზარ გავლენას ახდენს საინვესტიციო განწყობებსა და ფულის დაბანდებაზე. ნებისმიერი ახალი პარკი, რომელიც იქმნება, მის ირგვლივ ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი და იზრდება უძრავი ქონების ფასი, ასე რომ, თბილისი ყველაფერს აკეთებს, რომ საცხოვრებელი პირობები უკეთესი იყოს, რაც თავის მხრივ, ავითარებს ეკონომიკასაც“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.




























