მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში არტიზანული სახაჭაპურე იხსნება - გეგმა მსოფლიოში სახაჭაპურე ქსელის მოწყობაა

62653a6303151
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.22 15:00
4774
თბილისში, ზაფხულიდან ქსელური არტიზანული სახაჭაპურე „გუნდას“ პირველი ობიექტი იხსნება, რომელსაც საერთაშორისო დონეზე, მეგაპოლისებში პიცერიებთან კონკურენციის ამბიცია აქვს. სტანდარტიზირებული სახაჭაპურე ქსელი „გუნდა“ მომხმარებელს და უბრალოდ ხაჭაპურის მოყვარულებს ყველის სახეობების, ხორბლის ენდემური ჯიშების, ცხობის ტექნოლოგიის, ეკო და რეგიონული გასტრონომიის მიხედვით თავდაპირველად 25-ზე მეტი სახეობის ხაჭაპურს შესთავაზებს.

BM.GE-სთან საუბრისას არტიზანული სახაჭაპურის იდეის ავტორი ლალი პაპაშვილი და პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ლევან ქოქიაშვილი აღნიშნავენ, რომ ამ კონცეფციის სახაჭაპურის შექმნის იდეა 5 წლის წინ გაჩნდა და „გუნდას“ დაფინანსებით საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ ყველის და რეგიონებში ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის კვლევის შედეგად სახაჭაპურის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

„იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ბევრი სახაჭაპურეა, ქვეყნის და მსოფლიო მასშტაბით მათი, ისე როგორც მაგალითისთვის იტალიური პიცერიების პოზიციონირება, დღემდე სათანადოდ ვერ მოხდა. ჩვენს სახაჭაპურეში სრული ფასეულობათა ჯაჭვის მიხედვით სოფლიდან მაგიდამდე იქნება მიტანილი ის პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს ამ დარგში. აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ შეგვექმნა არტიზანული სახაჭაპურე, რომელიც აუცილებლად ქართული ხორბლის ჯიშებისგან წარმოებული ფქვილით გამოცხვებოდა. დაახლოებით, 2 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ გვქონოდა ის ხორბალი, რომელიც ხაჭაპურის გამოცხობას სჭირდება“, - ამბობს ლალი პაპაშვილი და აღნიშნავს, რომ სპეციალურად არტიზანული სახაჭაპურისთვის „გუნდას“ პარტნიორებმა ქართული ხორბლის მოყვანა დაიწყეს. ახალი ობიექტის მომარაგების მიზნით ისინი წლიურად 20-30 ტონა ხორბლის წარმოებას გეგმავენ.

„არტიზანული კვების ობიექტებისთვის დამახასიათებელია ადგილწარმოშობის პროდუქტების პოპულარიზაცია და „გუნდაშიც“ ამაზე ვიქნებით ორიენტირებულები. ეს იქნება ყველი, ფქვილი თუ სხვა საჭირო ინგრედიენტები“, - აღნიშნა „გუნდას“ იდეის ავტორმა.



„გუნდას“ გახსნა დედაქალაქში ბესიკის ქუჩაზე ზაფხულში იგეგმება, თუმცა არტიზანული სახაჭაპურის პარტნიორებიდან ერთ-ერთი - ლევან ქოქიაშვილი დროს ამ ეტაპზე ვერ აზუსტებს. არ ზუსტდება ასევე ბიზნესის ამოქმედებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა, რომელიც ქოქიაშვილის თქმით, ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე არ მჟღავნდება.

„კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესის 85% მიტანის სერვისზე იქნება მიმართული. ადგილზე კი დაახლოებით, 30-მდე სტუმრის მიღებას შევძლებთ. ამ ეტაპზე 25 სახეობის ხაჭაპურს შევთავაზებთ, ხოლო შემდგომში ხაჭაპურის რაოდენობა ყველის სახეობებისა და რეგიონების მიხედვით, 40-მდე გაიზრდება. ამისთვის ვითანამშრომლებთ ყველის 2 მწარმოებელთან, რომელიც ჩვენ მაღალი ხარისხის სხვადსხვა სახეობის ყველით მოგვამარაგებს. საშუალო ხაჭაპურის ღირებულება 25 ლარი იქნება. გაყიდვებში გვექნება ნაჭრების პოლიტიკაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი „გუნდას“ სხვადასხვა სახის ხაჭაპურის დაგემოვნებას შეძლებს. პირველი ეტაპისთვის, დაახლოებით, 20-25 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“, - უთხრა BM.GE-ის ქოქიაშვილმა.



პირველი ობიექტის გახსნის შემდეგ არტიზანული სახაჭაპურე „გუნდა“ ფილიალების გახსნას თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და მესტიაშიც გეგმავს, რისთვისაც დამატებითი ინვესტიციები განხორციელდება. ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ ამ გეგმის შესრულება ინვესტიციების დამოკიდებული, თუმცა „გუნდას“ მთავრი მიზანი არტიზანული ხაჭაპურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა და განვითარების ამ პროექტზე მუშაობისას პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებს განიხილავენ.

„დაწყებული გვაქვს მუშაობა 4 ქვეყანაში არტიზანული სახაჭაპურის გახსხნისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვაზე. ეს ქვეყნებია: იაპონია, ისრაელი, ბალტიისპირა ქვეყნები და აშშ. ამერიკის შემთხვევაში უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „გუნდა“ 1 წელიწადში „ნიუ იორკში უნდა გაიხსნას“, - ამბობს ლევან ქოქიაშვილი და აღნიშნავს, რომ კომპანიის გრძელვადიანი გეგმა 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში 30-მდე ობიექტის გახსნას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები