მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუნდა“ 2023 წლის ბოლოსთვის აშშ-ში ფილიალის გახსნას გეგმავს - ქოქიაშვილი

63c5483b29b15
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.23 21:01
811
არტიზანული სახაჭაპურე „გუნდა“ ბიზნესის განვითარებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აშშ-დან იწყებს. გასული წლის შემოდგომაზე გახსნილი სახაჭაპურე პირველი ფილიალის გახსნას 2023 წლის ბოლოსთვის ნიუ-იორკში გეგმავს. ამგვარად არტიზანული სახაჭაპურის იდეის ავტორები საერთაშორისო ბაზარზე ხაჭაპურის პოპულარიზაციას ისახავენ მიზნად, რამეთუ ბიზნესის ამოქმედებისას მთავარი მიზანიც ეს იყო.

სახაჭაპურის ქსელის განვითარების გეგმებზე „გუნდას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ამერიკაში მცხოვრებ ქართველ პარტნიორთან თანამშრომლობით განხორციელდება.

„გუნდას“ ფილიალის გახსნას წლის ბოლომდე ნიუ იორკში ვგეგმავთ. ეს პროექტი ფრანჩაიზით განხორციელდება, თუმცა მენეჯმენტი სრულად იქნება მის მართვაში ჩართული. სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამგვარად ფილიალების გახსნას სხვადასხვა ქვეყანაში ვგეგმავთ. დღეისთვის ობიექტის გასახსნელად ადგილს მანჰეტენზე, ან მსგავს რაიონში ვეძებთ. რამდენიმე ლოკაცია ვნახეთ. „გუნდას“ ორი პარტნიორი ჰყავს ნანა დოლიძე და ინგა კვერნაძე. ინგა ბევრი წელია აშშ-ში ცხოვრობს და ობიექტის გახსნაზე მათთან ერთად ვმუშაობთ“, - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ მიზნით „გუნდას“ მენეჯმენტმა ნიუ-იორკის ბაზარი მოიკვლია.

„დაწყებული გვაქვს მუშაობა 4 ქვეყანაში არტიზანული სახაჭაპურის გახსნისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვაზე. ეს ქვეყნებია: იაპონია, ისრაელი, ბალტიისპირა ქვეყნები და აშშ. ამერიკის შემთხვევაში უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „გუნდა“ 1 წელიწადში „ნიუ იორკში უნდა გაიხსნას“

ცნობისთვის: თბილისში, 2022 წლის 10 სექტემბერს ქსელური არტიზანული სახაჭაპურე „გუნდას“ პირველი ობიექტი გაიხსნა, რომელსაც საერთაშორისო დონეზე, მეგაპოლისებში პიცერიებთან კონკურენციის ამბიცია აქვს. სტანდარტიზებული სახაჭაპურე ქსელი „გუნდა“ მომხმარებელს და უბრალოდ ხაჭაპურის მოყვარულებს ყველის სახეობების, ხორბლის ენდემური ჯიშების, ცხობის ტექნოლოგიის, ეკო და რეგიონული გასტრონომიის მიხედვით თავდაპირველად 25-ზე მეტი სახეობის ხაჭაპურს შესთავაზებს. BM.GE-სთან საუბრისას არტიზანული სახაჭაპურის იდეის ავტორი ლალი პაპაშვილი და პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ლევან ქოქიაშვილი აღნიშნავენ, რომ ამ კონცეფციის სახაჭაპურის შექმნის იდეა 5 წლის წინ გაჩნდა და „გუნდას“ დაფინანსებით საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ ყველის და რეგიონებში ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის კვლევის შედეგად სახაჭაპურის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები