მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ათონელზე ისტორიულ შენობაში "მოსასმენი კაფე" გაიხსნა – რას სთავაზობს "კალენდარი" მომხმარებელს?

კალენდარი

თბილისის ისტორიულ ცენტრში, ათონელის ქუჩაზე, მე-19 საუკუნის რესტავრირებულ შენობაში ახალი მულტიფუნქციური სივრცე „კალენდარი“ გაიხსნა. ეს არის მოსასმენი კაფე, რომელიც ქართულ გასტრონომიას, ნატურალურ ღვინოსა და მუსიკალურ გამოცდილებას აერთიანებს.

როგორც კაფის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა მენეჯერმა, ქეთა ქებურიამ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, იდეის მთავარი მიზანი იყო ისეთი ადგილის შექმნა, სადაც მუსიკა არა დამატებითი ელემენტი, არამედ გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნებოდა.

„10 წელია ჰოსპითალითის სფეროში ვმუშაობ და ჩემს პარტნიორთან ერთად გადავწყვიტეთ შეგვექმნა არა უბრალოდ ქართული მიმართულების სივრცე, სადაც მუსიკა ბონუსი იქნებოდა, არამედ ადგილი, სადაც კვება და მუსიკა თანაბრად მნიშვნელოვანი გახდებოდა“, – აღნიშნა ქეთა ქებურიამ.

მისი თქმით, „კალენდარის“ შენობა 1875 წელს არის აშენებული. ისტორიულ შენობაში სხვადასხვა პერიოდში „გრანდ ჰოტელი“, ფილოსოფოსთა კლუბი და უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა. სწორედ შენობის ისტორიულმა კონტექსტმა განაპირობა გადაწყვეტილება, რომ სივრცისთვის ახალი სიცოცხლე მიეცათ.

400 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ კაფეში შენარჩუნებულია ძველი ინტერიერის დეტალები – იატაკი, კარები და სხვა ელემენტები, რომლებიც თანამედროვე დიზაინთან არის შერწყმული. სივრცე რამდენიმე ზონას აერთიანებს, მათ შორის დიჯეის ადგილს, დიდ დარბაზს, კოქტეილისა და ღვინის ბარს, საერთო მაგიდასა და სხვადასხვა ოთახს.

როგორც ქებურია ამბობს, „კალენდარის“ კონცეფციის ნაწილი მუსიკალური განათლებაცაა. სივრცე მუსიკალურ სკოლასთან „333 ჰერცი“ თანამშრომლობს, სადაც მსურველები დიჯეინგს, მიქსინგს, მუსიკის წერასა და თეორიას სწავლობენ.

„გვინდოდა ადგილი, სადაც შეიძლება ხინკალი ჭამო და ამავდროულად ძალიან კარგ მუსიკას მოუსმინო. თუ არ გინდა კლუბში ღამის გათენება, მაგრამ გინდა ხარისხიანი არტისტის, დიჯეის ან ვინილის სელექტორის მოსმენა, ასეთი სივრცე თბილისში ცოტა იყო“, – განაცხადა ქებურიამ.

კაფის მენიუ კი ძირითადად ქართულ სამზარეულოს ეფუძნება. როგორც დამფუძნებელი ამბობს, კერძების ნაწილი ოჯახურ რეცეპტებზეა დაფუძნებული და მთავარი აქცენტი ნაცნობ, სახლის გემოებზე კეთდება: „გვინდოდა, საჭმელს ისეთი განცდა ჰქონოდა, თითქოს სახლში ხარ - ზედმეტი გართულებების გარეშე, იმ გემოებით, რომლებიც ბავშვობას გახსენებს“, – აღნიშნა მან.

„კალენდარი“ მომხმარებლებისთვის 7 ივლისს გაიხსნა. ქეთა ქებურიას თქმით, გახსნიდან რამდენიმე კვირაში სივრცის მიმართ ინტერესი უკვე გამოიკვეთა, განსაკუთრებით ტურისტების მხრიდან. ქეთა ქებურიას თქმით, კაფის სამიზნე აუდიტორია როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები არიან. დამფუძნებლის ხედვით, სტუმრების დაახლოებით ნახევარი ადგილობრივი მომხმარებელი, ხოლო ნახევარი ტურისტი უნდა იყოს.

„ჩვენი აუდიტორია არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დააფასოს ისტორიული დეტალები, ძველი იატაკი, კედლები, გარემო, მაგრამ ამავდროულად უყვარს თანამედროვე მუსიკა და ახალი გამოცდილებები“, – ამბობს ქეთა ქებურია.

ამ ეტაპზე სივრცე დაახლოებით 60-80 სტუმარს იტევს, თუმცა სამომავლოდ მისი გაფართოება იგეგმება. დამფუძნებლის თქმით, 400 კვადრატული მეტრიდან ამჟამად მხოლოდ ნაწილია ათვისებული და განვითარების შემდეგ ტევადობა დაახლოებით 200 ადამიანამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები