მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ავტოიმპორტიორთა მსვლელობა გაიმართა - რას ითხოვს ბიზნესი?

იმპორტი

14 თებერვალს თბილისში ავტოიმპორტიორთა მსვლელობა გაიმართა. როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე BMG-სთან განმარტავს, მათი მოთხოვნა 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებულ რეგულაციას ეხებოდა, რომელიც ავტოიმპორტიორთა გარკვეულ ნაწილს საშუალებას არ აძლევს, 2023 წლის 1 დეკემბრამდე კონტეინერებში ჩატვირთული ავტომობილები საქართველოში მაინც გააფორმონ, რადგან მათი გემზე დატვირთვის პროცესი გაიწელა.

“ჩვენ ადრეც გავმართეთ აქცია და გვქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან. მაშინ ვაყენებდით მოთხოვნას, რომ 1 დეკემბრამდე ვინც შეიძინა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები და ვერ მოასწრო ქვეყანაში შემოყვანა, ყველას ჰქონოდა შეღავათი და, გამონაკლისის სახით, მათ არ შეხებოდა რეგულაცია. მათ შემოგვთავაზეს სხვა პირობა, რომ ვინც 1 დეკემბრამდე კონტეინერში ან გემზე ჩატვირთავდა ავტომობილს, მათ არ შეეხებოდათ შეზღუდვა.

აღმოჩნდა სხვაგვარად, რომ 544-ე დადგენილების თანახმად, ეს გამონაკლისი წესი ავტოიმპორტიორთა დაახლოებით ⅓-ს შეეხო, რაც კარგია, ამას მივესალმებით; ⅓-ს, იმის გამო, რომ დადგენილებაში “ან/და”-ს ნაცვლად მხოლოდ “და” ეწერა, კონტეინერში ჩატვირთვისა და გემზე დატვირთვის თარიღებთან მიმართებით, კონტეინერის ჩატვირთვის თარიღი არ გაუფორმეს. გვეუბნებიან, რომ მხოლოდ გემზე დატვირთვის თარიღი ითვლება. პირობითად, თუ ადამიანმა ავტომობილი იყიდა აგვისტოში და კონტეინერში ჩაიტვირთა, მაგალითად, ნოემბერში, მაგრამ გემი გამოვიდა დეკემბერში - მხოლოდ ამ თარიღს ანგარიშობენ, კონტეინერში ჩატვირთვისას არა, მაშინ როცა დოკუმენტში კონტეინერიც არის მითითებული”, - განმარტავს ალექსი ნონიაძე.

ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, რომ ავტოიმპორტიორებისთვის რეგულაციისთვის მოსამზადებლად მიცემული 6 თვე საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მათაც, ვინც თადარიგი დაიჭირეს და 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები 6-ზე მეტი თვით ადრე შეიძინეს, ობიექტური მიზეზების გამო, 1 დეკემბრამდე ავტომობილების გაფორმება ვერ მოასწრეს.

“ჩვენი მოთხოვნა არ არის, რომ 2013 წლამდე ავტომობილების შემოყვანის უფლება მოეცათ. უბრალოდ, ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს შემოსვლა: წითელ ზღვაში პრობლემებია, შავ ზღვაში უამინდობა იყო, გემებმა ვერ მოასწრეს შემოსვლა, კონტეინერებმაც დაიგვიანეს, ამ ადამიანებმა ვერ მოასწრეს. დეკემბერში პრობლემაა ისიც, რომ საახალწლო პროდუქციას უფრო მალე ხსნიან, ვიდრე ავტომობილებს, გასაგები მიზეზების გამო.

ავტოიმპორტიორმა შეიძლება გათვალა 6 თვე, მაგრამ გზა იმდენად გაიწელა, რომ მაინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა ავტომობილმა. 1 დეკემბერს თუ იყიდდა ავტოიმპორტიორი მანქანას, ჩვენ ამას პირდაპირ გავემიჯნეთ, რადგან ვერ მოასწრებდნენ ერთ თვეში მის შემოყვანას. ჩვენ ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანის მხარდაჭერა არ გვინდა. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებლობით მიუდგა ამბავს, მაგრამ გარემო-პირობების გამო ვერ შეძლო დროულად შემოყვანა”, - ამბობს ნონიაძე.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მსვლელობის შემდეგ სამინისტროსთან კომუნიკაცია, ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პირდაპირი კომუნიკაცია, ჯერჯერობით, არ ჰქონიათ: “როცა შევხვდით სამინისტროს და დავილაპარაკეთ, გვითხრეს, რომ კონტეინერში ჩატვირთვა ჩაითვლებოდა, როგორ გამოვიდა, რომ ამ თარიღს არ თვლის მომსახურების სააგენტო? რაზეც შევთანხმდით, ისიც არ შესრულდა”.

2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა დაწესდა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტიც ევრო 5 ნორმას ვერ აკმაყოფილებს. სამინისტროსა და ავტოიმპორტიორებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, 2023 წლის 29 დეკემბერს ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმადაც რეგულაცია აღარ შეეხებოდათ იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირებაც ექსპორტიორი ქვეყნიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები