მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა - მიმოხილვა

62d6f8294162b
თამთა ჯიჯავაძე
19.07.22 22:42
2640
თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად, 13%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში, გარეუბნებში 12% -ით. ამის შესახებ Colliers-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ძველაშენებულ ბინებს რაც შეეხება, მიმოხილვის მიხედვით, გარეუბნებში ფიქსირდება ყველაზე დიდი ზრდა - 11%, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 8% და 5%.

Colliers-ი წერს, რომ ივნისში, თბილისში ზოგადად, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე წინა თვეებისგან განსხვავებით მოთხოვნის ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა გასაყიდი ფასი გაიზარდა.

„2022 წლის ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 11%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 2%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,660 ერთეული შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, ის 24%-ით, 193 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები