მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი ავტოდრომი „ლილო არენა“ შენდება - პროექტის ღირებულება ₾5 მილიონია

618bcdbd853ef
ვიქტორია მღებრიშვილი
11.11.21 00:00
6204
თბილისთან ახლოს ავტოდრომ „ლილო არენას“ მოწყობის სამუშაოები დაიწყო. როგორც BM.GE-სთან საუბრისას ავტოდრომის პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე აცხადებს, ავტოდრომის პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ლარია და ის სარბოლო, სასწავლო და ოფროუდის ტრასებს, სპორტულ-გასართობი სივრცეებს, ავტოსაგზაო მოძრაობის სწავლებისთვის სიმულაციურ ქალაქს და საგზაო მოძრაობის საბავშვო ქალაქს მოიცავს. პროექტის განხორციელება კი 5 წელზეა გაწერილი.

მევლუდ მელაძეს ახალი ავტოდრომის იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა და ის ნებისმიერი ასაკის დაინტერესებული პირისთვის ავტოსაგზაო უსაფრთხოების ნაწილში განათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

„იდეა პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში თბილისის მერს 2019 წელს წარვუდგინეთ. შედეგად ლილოსთან ახლოს მიწის ფართი მერიამ 1.630 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით გადმოგვცა და ჩვენც ინვესტორების მოძიება დავიწყეთ. ამ დროისთვის საჭირო ფინანსური რესურსის ნაწილი მოძიებული გვაქვს. ავტოდრომის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, შესაბამისად „ლილო არენას“ პირველი ტრასა დაინტერესებულ პირებს 2022 წლის გაზაფხულიდან მიიღებს“, - ამბობს მევლუდ მელაძე.



მისივე ინფორმაციით, ავტომოყვარულებისთვის და უბრალოდ გართობის მსურველებისთვის ავტოდრომზე შესვლის დღიური აბონემენტის ღირებულება 25 ლარი იქნება. გარდა ამისა ყოველი თვის 13 რიცხვში "ლილო არენა" მსურველებს სრულიად უფასოდ მიიღებს. მიზნებზე საუბრისას მევლუდ მელაძე აღნიშნავს, რომ ავტოდრომმა ნებისმიერი ასაკის ადამიანს უნდა მისცეს საშუალება, რომ თავისი ინტერესები დაიკმაყოფილოს, ეს იქნებიან ბავშვები, ავტომოყვარულები თუ ავტომრბოლელები.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იცოდნენ მოძრაობის წესები. დღეს მძღოლების 99.9% საგზაო ნიშნებით არ ხელმძღვანელობს, სანამ საგზაო შემთხვევა არ მოხდება. ამიტომ ამ კუთხით განათლების დონისა და საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ავტოდრომზე შემოსვლას შეძლებენ როგორც ავტოსკოლები, ასევე ინდივიდუალური პირები, ვისაც ავტომობილის მართვის სწავლა უნდა. აქვე გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები, რაზეც ავტომოყვარულების მხრიდან დიდი ინტერესი არსებობს. ავტოდრომის იდეის მეორე მიზანი სწორედ ავტომრბოლელებისთვის საერთაშორისო ასპარეზის გახსნაა, ამიტომ თუ საქართველოს სახელით ჩემპიონი ხდები, გადიხარ საერთაშორისო ეტაპებზე და ეს საკითხი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთანაც მოვაგვარეთ და ერთადერთი რაც გვჭირდება პოლიგონია, სადაც გამოვწვრთნით მომავალ ჩემპიონებს“, - აღნიშნავს მევლუდ მელაძე.

„ლილო არენას“ იდეის ავტორმა BM.GE-სთან საინვესტიციო საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტში ინვესტირებით პოლონელები დაინტერესდნენ.

„ამ პროექტში ინვესტირებით ძირითადად უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან. საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ თემაზე საუბარი ძალიან რთულია, მეორე მხრივ ქვეყანაში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება არ არის და ბიზნესპროექტი ერთი სიტყვით არასახარბიელოა. უცხოელებისთვის ეს მარტივად მისაღები ბიზნესია, რადგან მათ შემოსავლიანობა კარგად იციან. ყველაზე მეტად ამ პროექტით პოლონელები დაინტერესდნენ.

რაც შეეხება ინვესტირების პირველ საწყისებს, უჩვეულო ნდობის კოეფიციენტი გავზომე და იმ მომხმარებელს, რომელიც ავტოდრომზე ინტენსიურად ივლის, 25 წლის მოხმარების ვადით 1000 ლარიანი ოქროს ბარათები შევთავაზეთ, რომელიც 100 ადამიანმა შეიძინა. ანუ პირველი 100 000 ლარი არარსებულ ბიზნესში ჩვენმა მომხმარებელმა ჩადო. ამ თანხით ჩვენ შევქმენით პროექტი და შევისწავლე ბაზარი რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნებოდა ავტოდრომის იდეა“, - განმარტავს მევლუდ მელაძე.

შედეგად სულ მალე თბილისს კიდევ ერთი მრავალფუნქციური ავტოდრომი შეემატება, რომელიც როგორც ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ამბობს, ბაზარზე კონკურენტულ გარემოს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები