მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი კვების ობიექტი "ტრაპეზარია" გაიხსნა – "იმდენი შეკვეთა იყო, გაჩერება მოგვიწია"

6263e51826df8
მარიამ იზორია
23.04.22 23:10
4262
“იტრაპეზე პირდაპირ ქოთნით” - თბილისში, ვაკეში განსხვავებული კონცეფციის მქონე კვების ობიექტი “ტრაპეზარია” გაიხსნა.

ლობიო, ოჯახური და პელმენი ქოთანში, საავტორო რეცეპტებით დამზადებული სენდვიჩები, ქათმის წვნიანი, ხარჩო, გოგრის სალათა, სხვადახვა დესერტები, წვენი - ეს ის კერძებია, რომლებიც მომხმარებელს “ტრაპეზარიას” 33–ლარიან ყუთებში დახვდება.

bm.ge-სთან “ტრაპეზარიას” თანადამფუძნებელი თამაზ სულთანოვი აღნიშნავს, რომ კვების ობიექტი დაახლოებით თვე–ნახევარია რაც გაიხსნა და უკვე უამრავი დადებითი გამოხმაურებაც აქვთ. ამას ადასტურებს შეკვეთების მოცულობაც, მიტანის სერვისზე გათვლილ ობიექტს დღეში 40-მდე შეკვეთა აქვს.

მისივე თქმით, “ტრაპეზარიასთვის” ჯამში $17 000 მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა და ობიექტმა თანხის ძირითადი ნაწილი ე.წ “თეისთინგს” მოახმარა, რადგან ბაზარზე გამოჩენისთანავე მომხმარებელს სასურველი გემოები მიეღო.

“ჩვენი ძირითადი კონცეფცია “ბოქსებია”. მიზანიც ეს იყო, რომ მომხმარებლამდე ისეთი ყუთი მიგვეტანა სადაც ყველაფერი იქნებოდა, მათ შორის კერძი, დესერტი, წვენი - ჩვენი სლოგანიც ასეთია “იტრაპეზე, სადაც ხარ”. ამ ბოქსშივეა ქოთანი, სადაც ლობიო, ოჯახური ან პილმენია მოთავსებული. ქოთანი, რომელსაც სხვადასხვა სოფელში ათამდე ადამიანისგან ვიძენთ, მომხმარებელს რჩება.

ჩვენი გათვლა მიტანის სერვისია, თუმცა ადგილზე ორი ადამიანის განთავსებაც არის შესაძლებელი. აღსანიშნავია მომხმარებლის პოზიტიური უკუკავშირიც, მოსწონთ ჩვენი საავტორო სენდვიჩები, რომლებიც გახსანმდე დაახლოებიტ 90-ჯერ გადავაკეთეთ, კერძები ქოთანში… თავდაპირველად ამხელა გამოხმაურების იმედი არ გვქონდა, მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ ამიტომ გახსნიდან მალევე დავიხურეთ, რადგან იმდენი შეკვეთა იყო, სამზარეულოს გაჩერება მოგვიწია. ორ დღეში კედელი დავანგრიეთ, სამზარეულო გავაფართოეთ და ისე დავუბრუნდით მომხმარებელს. ჩვენი მოლოდინი დღეში მაქსიმუმ 3 ბოქსის რეალიზაცია იყო, როცა დღეში 40-მდე იყიდება” - ამბობს ”ტრაპეზარიას” თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები