თბილისში, ვაშლოვანის ქუჩაზე 250 000 ლარის ინვესტიციით განსხვავებული კონცეფციის ბარი „დიდგორი“ გაიხსნა. ბარში შუა საუკუნეების ისტორია თანამედროვე სივრცეში ცოცხლდება და ის სტუმრებს ავთენტურ ქართულ კერძებთან ერთად განსაკუთრებულ ატმოსფეროს სთავაზობს.
ბარის კონცეფციასა და გეგმებზე BM.GE-სთან ინტერვიუში მისმა დამფუძნებელმა მამული სალაყაიამ ისაუბრა.
„ევროპაში თითქმის ყველა ძველ ქალაქში არსებობს ისეთი სივრცე, სადაც ადამიანი დროში მოგზაურობს და შუა საუკუნეების ატმოსფეროში ხვდება. მეგობრებთან ერთად ესტონეთში ვნახეთ მსგავსი კონცეფცია, მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ქართული ვარიაცია გაგვეკეთებინა“, - ამბობს სალაყაია.

მისი ინფორმაციით, ბარში ერთდროულად დაახლოებით 50 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. სივრცეში დასაქმებულია 7–8 ადამიანი, ხოლო მენიუში წარმოდგენილია ავთენტური ქართული კერძები - მათ შორის მთიულური ხინკალი, ტრადიციული ნეკნები და ხორცის სხვა კერძები, რომლებიც შუა საუკუნეების სტილშია წარმოდგენილი.
"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბარის შიდა ესთეტიკას - შუშის ჭურჭელი საერთოდ არ გამოიყენება, რათა ვიზიტორებმა მაქსიმალურად იგრძნონ შუა საუკუნეების ეპოქა. სტუმრებს ასევე ვთავაზობთ მონეტის გამოჭედვის სერვისს: ვინც ლუდის ან ყანწით დალევის სპეციალურ გამოწვევას გაუმკლავდება, იღებს „დიდგორის საპატიო მონეტას“ და ბარის საპატიო წევრი ხდება", - აცხადებს ბარის დამფუძნებელი.
მამული სალაყაია გვიყვება, რომ გარდა ავთენტური გემოებისა, პერიოდულად სტუმრებს განსხვავებული სანახაობებითაც აოცებენ - ცეცხლოვანი შოუებით, ცოცხალი მუსიკის საღამოებით, მკლავჭიდის ტურნირებით და სპეციალური პრიზების გათამაშებით, მათ შორის „დიდგორის ხმლის“ მიღების შანსით.
„ბარში აქტიურად გვსტუმრობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები. მათი წილი 50-50%-ზე ნაწილდება. უცხოელ სტუმრებს შორის არიან რუსები, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები და უკვე ევროპული ქვეყნებიდანაც. მათგან უკუკავშირი დადებითია“, - ამბობს ის.

მიუხედავად ამისა, სალაყაია აღნიშნავს, ბარის დატვირთვა ამ ეტაპზე, თვის ჭრილში მხოლოდ 20–25%-ს შეადგენს: „ჩვენი აქცენტი ძირითადად უცხოელ სტუმრებზეა, თუმცა მათთვის ხმის მიწვდენა გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენი სამომავლო გეგმები ამ საკითხზე მუშაობას უკავშირდება, რათა მეტი უცხოელი მოვიზიდოთ“, - აცხადებს მამული სალაყაია.
გარდა მარკეტინგული აქტივობისა, ბარის მფლობელის გეგმაა, რომ ორი წლის განმავლობაში ინვესტიცია სრულად ამოიღოს, შემდეგ კი ახალი ფილიალი ბათუმში გახსნას - ქალაქში, რომელიც სალაყაიას ტურისტული პოტენციალით „დიდგორის“ კონცეფციისთვის განსაკუთრებით მიმზიდველად მიაჩნია.




























