მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში დიდი გამავლობის ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - ვის შეეხება ცვლილებები?

2024 წლის 1-ლი იანვრიდან, თბილისის მერია საცობების გამო, კონკრეტულ უბნებზე, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას გეგმავს. როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვაზე, დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში. მერის თქმით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ასევე, აგვისტოს თვეში. კალაძის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც ეს რეგულაცია არსებით გავლენას მოახდენს სამშენებლო სექტორია. თბილისის მერის განცხადებით, სექტორთან ამ მიმართულებით კომუნიკაცია მიმდინარეობს. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ამ მიმართულებით ასოციაციის ფორმატში მათ მერიასთან შეხვედრა ჰქონდათ და პირველადი დოკუმენტის კორექტირება მოხდა. მისი თქმით, ბიზნესის რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაძლო შეზღუდვები საგამონაკლისო სახით კონკრეტულ სექტორებზე ან საერთოდ ან ნაწილობრივ ამოქმედდება. აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო ბიზნესსაც შეეხება. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში თბილისის მერიის მხრიდან აქტიურ კომუნიკაციას ითხოვენ და ამბობენ, რომ შესაძლოა აღნიშნულმა შეზღუდვამ სხვა კატეგორიის ავტომობილების რაოდენობა, რომელიც დასაშვები რჩება რაოდენობრივად გაზარდოს. თუმცა, მერიაში აღნიშნულ რისკს ვერ ხედავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები