მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 16 ავტომობილი მოდის

5f185b3284d84
სალომე მეცხვარიშვილი
23.07.20 10:15
1695
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ მილიონ 374 ათასი რეგისტრირებული ავტომობლია, რომლის 36% - 494 640 ერთეული - თბილისზე მოდის. ნახევარ მილიონამდე ავტომობილისთვის დედაქალაქში 30 ათასამდე საპარკინგე ადგილია. ამ შეფარდებით, ერთ საპარკინგე ადგილზე 16 ავტომობილი მოდის.

მიუხედავად პრობლემებისა, თბილისის მერია საპარკინგე ადგილების დამატებას არ აპირებს. ვიცემერი ირაკლი ხმალაძე BM.GE-ის კითხვაზე, დაემატა თუ არა ბოლო წლებში საპარკინგე ადგილები და ჯარიმების გაზრდის ნაცვლად, ხომ არ სჯობს ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგას, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ საპარკინგე ადგილების გაზრდა მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

“ქალაქში რამდენი საპარკინგე ადგილი იქნება, არ არის ეს პარკირების ოპერატორის არც საქმე, არც- ფუნქცია. პარკირების ადგილების რაოდენობა არის მუნიციპალური სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი და თუ თქვენ თვლით, რომ ქალაქში უფრო მეტი საპარკინგე ადგილი უნდა იყოს, იმიტომ, რომ კომფორტი შევქმნათ იმისთვის, რომ უფრო მეტმა მანქანამ იაროს, ამაში არ გეთანხმებით და მთელი მუნიციპალიტეტი არ გეთანხმებათ. ჩვენ ვატარებთ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის მიზანი და შედეგია, რაც შეიძლება ნაკლებმა მანქანამ იაროს თბილისში, ნაკლები იყოს საცობიც და გამონაბოლქვიც”,- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი დედაქალაქში “თბილისის პარკინგია”. სატრანსპორტო კომპანიის დირექტორს პარკირების წესების დარღვევისთვის სანქციების გაზრდა პრევენციად მიაჩნია.

“ყველაზე ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ წესი დავიცვათ, არის ფინანსური სანქცია. გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა სანქციაც ადეკვატურია და აღსრულებაც შესაბამისი, ეს შედეგის მომტანიც არის. დაჯარიმება არ არის თვითმიზანი, თვითმიზანი არის, რომ ადამიანი შეეჩვიოს წესების დაცვას”, - აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი.

მისივე თქმით, რეგისტრირებული ავტომობილების და საპარკინგე ადგილების რაოდენობის შედარება, არასწორია.

“საპარკინგე ადგილები ემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, მიმდებარე ტერიტორიებს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ავტომობილები დგანან ე.წ. წითელ ზონებშიც, როგორიცაა ეზოები, ასევე, საუწყებო საპარკინგე ადგილები, კერძო საპარკინგეები და ა.შ.

თბილისში 500 ათასამდე რეგისტრირებული ავტომობლი შეიძლება იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ ამდენი ავტომობილი იყოს მოძრავი (ექსპლოატაციაში). საპარკინგე ადგილები მოწოდებულია იმისთვის, რომ მაგალითად, ქალაქის ცენტრში, სადაც ოფისებია, ხელი შეუწყოს მანქანების დაყენებას. ამიტომ ვამბობ, არ შეიძლება შევადაროთ - 500 ათასი ავტომობილია და 30 ათასი საპარკინგე ადგილი და ვიკითხოთ - დანარჩენი ადგილები სად არის? არ მგონია, ეს სწორი შედარება იყოს”,- აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები