ელექტრონული სკუტერების მწარმოებელი ამერიკული სტარტაპი Bird Global-ი ოფიციალურად გაკოტრდა. ერთ დროს 2.5 მილიარდ დოლარად შეფასებული კომპანია ახლა უკვე გადახდისუუნაროა და გადარჩენისთვის იბრძვის.
როგორც ირკვევა, კომპანია რესტრუქტურიზაციას, აქტივების ლიკვიდაციას და ინვესტორებისა თუ კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებების გასტუმრებას, აქტივების გასხვისების გზით გეგმავს.
თავად Bird Global-ი 2017 წელს დაფუძნდა და მას სილიკონის ველის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდები, მათ შორის, Sequoia Capital-ი და Accel Partners-ი უჭერდნენ მხარს. მართალია, 2021 წელს კომპანია საფონდო ბირჟაზე გამოჩნდა და მისმა კაპიტალიზაციამ $2.5 მილიარდსაც მიაღწია, თუმცა ინვესტორებმა მალევე გააცნობიერეს, რომ Bird-ის ბიზნესმოდელი გაუმართავი იყო და სკუტერების გაქირავებით კომპანიას იმ შემოსავლების გენერირება ვერ შეეძლო, რასაც დამფუძნებლები მათ ჰპირდებოდნენ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში Bird-ის აქციების ღირებულება 90%-ით შემცირდა და ახლა უკვე კომპანია გაკოტრებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ქუჩებში წარმოდგენილი ელექტრონული სკუტერების ნაწილი სწორედ Bird-ის მიერაა წარმოებული.