ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდის „კოსმოს“ დამფუძნებელი 2025 წელს აჯამებს. როგორც სოფო მუხულიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, 2025 წელი „კოსმოსთვის“ გამორჩეული წელი იყო და ბრენდმა ახალ ბაზრებზე გასვლა დაიწყო.
მისივე თქმით, „კოსმომ“ ვერცხლის ხაზი დაამატა და ამ მიმართულებით ახალი კოლექციები ჩაუშვა, რომელიც ბრენდის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.
“2025 წელი “კოსმოსთვის” გამორჩეული წელი იყო. ახალ ბაზრებზე დავიწყეთ გასვლა. ვიყავით ჩინეთის გამოფენაზე, ასევე ამერიკაში. შტატებში ახალი პარტნიორი შევიძინეთ.
ახალ ეტაპზე გადავიდა ჩვენს ჩინელ პარტნიორთან თანამშრომლობაც. მასთან უკვე მეორე წელია პარტნიორობა გვაქვს და სიახლეა ის, რომ მის მაღაზიაში, შანხაიში, ჩვენი კუთხე გამოიყო.
„კოსმომ“ 2025 წელს ვერცხლის ხაზიც დაამატა. გავაკეთეთ კოლექციები, რომლებიც ჩვენს ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.
სიახლეა ისიც, რომ უკვე „კოსმოს“ 2025-ში 4 ახალი ობიექტი შეემატა და ჯამში 12 ფილიალს აერთიანებს“, - აღნიშნავს სოფო მუხულიშვილი.
„კოსმოს“ დამფუძნებელი 2026 წლის გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ თბილისში ღია სახელოსნოს უახლოეს პერიოდში გახსნიან. ის განმარტავს, რომ „კოსმოს“ ღია სახელოსნო უნიკალური პროექტია, რომელიც უკვე ორი წელია წარმატებით ფუნქციონირებს ბათუმშიც.
„თბილისში ღია სახელოსნოს გავხსნით, ეს ჩვენი უნიკალური პროექტია. მსგავსი ბათუმში უკვე ორი წელია ფუნქციონირებს, თბილისშიც იგივე აქტივობას ველით. სივრცე გარემონტდა, ველით პირველ სტუმრებს. გახსნის ცერემონიას იანვარში ვგეგმავთ,“ - ამბობს ის.
„კოსმო“ ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე პროდუქტს სთავაზობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბრენდი წარმატებით ოპერირებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ისეთ პლატფორმებზე, როგორიც არის - Etsy. „კოსმოს“ გუნდი 80-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.




























