მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ღვინის ბარ-მაღაზია „გიდა“ იხსნება

gida

თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ნოემბრის ბოლოს, ახალი ღვინის ბარ-მაღაზია „გიდა“ იხსნება.

როგორც GIDA WINE-ის დამფუძნებელმა, გივი ყვარელაშვილმა "ქალების ნარატივში“ განაცხადა „გიდა“ მომხმარებელს 8 000-წლიანი ისტორიის ქვევრის ღვინის ფართო ასორტიმენტსა და უნიკალურ გემოებს შესთავაზებს.

„მაღაზიის გახსნა ჩვენი ღვინოების ცნობადობის გაზრდას მოემსახურება. ბარ-მაღაზია „გიდა“ 15-20 ადამიანზე გათვლილი სივრცე იქნება, სადაც ჩვენი კომპანიის, ჩვენი მეღვინეობის ისტორიის და ზოგადად ქართული მეღვინეობის შესახებ მოვუყვებით ტურისტებს თუ მომხმარებლებს. ასევე მათ საშუალება ექნებათ დააგემოვნონ მეღვინეობა „გიდას“ როგორც ბოთლის, აგრეთვე ჩამოსასხმელი ღვინო, ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად,“- განაცხადა გივი ყვარელაშვილმა.

GIDA WINE-ის დამფუძნებელმა კონკურენტულ გარემოზეც გააკეთა აქცენტი. მისივე თქმით, ბარ-მაღაზიის გახსნა სწორედ მათი კონკურენტული უპირატესობა იქნება.

„კონკურენცია ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დიდია,რადგან ძალიან ბევრი ხარისხიანი ღვინოა წარმოდგენილი. განსაკუთრებული მიდგომა გჭირდება, რომ გაიზარდოს მოთხოვნა შენს ღვინოზე, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, „გიდას“ წარმომადგენლობის მცირე სივრცე, ბარ-მაღაზია გავხსნათ, საიდანაც შევეცდებით შიდა ბაზარზე უფრო აქტიურად მოხდეს ჩვენი ღვინის რეალიზება,“ - აღნიშნა გივი ყარალაშვილმა.

GIDA WINE-ის დამფუძნებლის თქმით, „გიდას“ ღვინის მაღაზია 3 ადამიანს დაასაქმებს. რაც შეეხება GIDA WINE-ის ღვინოების ფასებს, 25 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს, ჩამოსასხმელი ღვინის ღირებულება კი 8-9 ლარიდან დაიწყება.

GIDA WINE-ი წლის განმავლობაში 30 ათასამდე ბოთლს აწარმოებს, რომელთა დაახლოებით 30% ექსპორტზე იტალიასა და გერმანიაში გადის.

GIDA WINE-ის მეღვინეობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარეობს, რომელიც სათავეს 2019 წლიდან იღებს და მომხმარებლებს 5 სახეობის ღვინოს, ხაშმის საფერავს, ქისს, ხიხვის, კახური მწვანეს და რქაწითელს სთავაზობს.