თბილისში, ისფაჰანლის ქუჩაზე, ძველი აბანოს შენობის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად უფუნქციოა, ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ მიწის ექსპროპრიაციის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ბრძანებიდან ირკვევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოსა და 5 380 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის რამდენიმე მფლობელს შორის შეთანხმება გამოსყიდვის თაობაზე უკვე მიღწეულია, თუმცა ხუთი მოქალაქის კუთვნილ 24; 26; 47; 48; 11; 26; 33; 41; 7 და 15 კვ.მ.-ის ფართებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა, ამიტომ მას სახელმწიფო ექსპროპრიაციის გზით შეიძენს.
როგორც ბრძანებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობა დააფინანსებს მიწის გამოსყიდვას, ხოლო ადგილზე ახალი ნაგებობის - კულტურის ცენტრის მშენებლობა აზერბაიჯანული მხარის მიერ დაფინანსდება.
"ტერიტორიაზე იგეგმება –„ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრი) სამშენებლო სამუშაოები, რაც გულისხმობს 5 380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაბარიტული ნაგებობის მოწყობას. ცენტრის მთავარ შენობაში შესვლისთანავე განთავსებული იქნება 780 კვ.მ ფართობის საზოგადოებრივი სივრცე, რაც „ძველი აბანოს“ ისტორიულ შენობას დააკავშირებს მთავარ „ფოიესთან.“ ასევე დაუკავშირდება „ბავშვთა თეატრს“, რომელსაც იმავდროულად მთავარი შენობისგან დამოუკიდებელი ექსპლუატაციის საშუალება ექნება. ობიექტზე მოეწყობა საკონცერტო დარბაზი, მისაღები და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გათვლილი სივრცეები. აღსანიშნავია, რომ „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ მშენებლობა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ადგილი გახდება, რაც წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განსაკუთრებულ როლს შეიტანს როგორც თეატრის ასევე, საქართველოს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის მეტ განვითარებაში. აღნიშნული თავის მხრივ ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხალხებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს. ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც განხორციელდება კულტურული და აკადემიური პროგრამები. აღნიშნული ხელს შეუწყობს ცოდნის გაცვლას, ახალგაზრდების განვითარებასა და რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთანავე, ცენტრი შექმნის დამატებით შესაძლებლობას კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის და იქცევა საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და ფესტივალების ჩატარების მნიშვნელოვან სივრცედ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე და ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრის მშენებლობა მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს.
კომპანიის მიერ გამოსასყიდი უძრავი ქონება (ს/კ №01.18.04.015.013) წარმოადგენს ე.წ. „იტალიური ეზოს“ ტიპის დასახლებას, სადაც საცხოვრებელი თუ სხვა დამხმარე ფართები სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესაბამისად, ჩაშლილია ინდივიდუალურ საკადასტრო (ბინა) ერთეულებად (ჯამში მესაკუთრედ რეგისტრირებულია 24 ფიზიკური პირი). აქვე, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 24 მარტის მდგომარეობით, კომპანიის მიერ 13 (ცამეტი) მესაკუთრესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება და მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ნებაყოფლობით იქნა გამოსყიდული. ამასთან, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად კომპანიის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული", - ნათქვამია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში, რომლითაც უძრავი ქონების ექსპროპრიაცია არის განსაზღვრული.





























