მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Hessink’s Auction House Tbilisi-ს აუქციონზე €1.3 მილიონის ლოტები გაიყიდა

ჰესინკის აუქციონი

Hessink’s Auction House Tbilisi-ს სადებიუტო აუქციონმა დიდი წარმატებით ჩაიარა. გაყიდვების ჯამურმა მოცულობამ, მყიდველის პრემიისა და სახელმწიფო გადასახადების გათვალისწინებით, 1.3 მილიონ ევროს გადააჭარბა. არსებულმა დიდმა ინტერესმა ლოტების შეფასებითი ღირებულების 129.6%-იანი ზრდით რეალიზაცია განაპირობა.

"მადლობას ვუხდით აუქციონის კურატორს, ქალბატონ თეა გოგუაძე-აპფელს, მისი ფასდაუდებელი წვლილისთვის აუქციონის წარმატებაში.

ღონისძიებამ გლობალური მასშტაბის ინტერესი გამოიწვია. აუქციონში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით დაინტერესებული პირი მონაწილეობდა. პროცესში, სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთო, მათ შორის: 362 მონაწილე აშშ-დან, 177 ნიდერლანდებიდან, 90 ბელგიიდან, 43 ავსტრალიიდან, 24 ესპანეთიდან და 20 შვეიცარიიდან.

აუქციონის ნამდვილი ვარსკვლავები ბანძელაძის, ცეცხლაძის, გელა წულაძისა და ზაუტაშვილის ნამუშევრები გახდნენ. ხელოვანების ნამუშევრებმა ისტორიულ შედეგებს მიაღწიეს: ბანძელაძე - €250,000, ცეცხლაძე - €130,000, ზაუტაშვილი -€65,000, გელა წულაძე - €13,000. ასევე აღსანიშნავია მერაბ კოპალეიშვილისა და ლია ბაგრატიონის ნამუშევრები, რომელთაგანაც პირველი €10,000, ხოლო მეორე €30,000 გაიყიდა.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი გახლდათ 86-ე ლოტი - წულაძის სავარძელი. ექსპონატი €3,000-€5,000 ფარგლებში იყო შეფასებული, თუმცა შვეიცარიელ კოლექციონერსა და ქართველ მყიდველს შორის გამართულმა დაძაბულმა ვაჭრობამ მისი ფასი საგრძნობლად გაზარდა. საწყისი ბიდი €3,000-ს შეადგენდა, ხოლო საბოლოოდ ნამუშევარი €13 000 გაიყიდა.

ბანძელაძისა და სხვა გამორჩეული ხელოვანების მიერ დამყარებული ახალი საერთაშორისო რეკორდები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების მიმართ არსებულ გლობალურ ინტერესს. აღნიშნული შედეგი Hessink’s-ის თბილისის სააუქციონო სახლისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და საერთაშორისო სახელოვნებო ბაზარზე ხმამაღალ განაცხადს წარმოადგენს.

მადლობას ვუხდით აუქციონის პარტნიორებს საქართველოს ბანკის ველს მენეჯმენტს და სოლოს, აგრეთვე სადაზღვევო კომპანია ალდაგს, რომელმაც სრულად დააზღვია აუქციონის ლოტები" - აცხადებენ "ჰესინკის აუქციონის სახლში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები