თბილისში 2026 წლის ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდას წარმოადგენს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, გაყიდული ბინებიდან 2 279 პირველად ბაზარზე გაიყიდა, ხოლო 2 224 – მეორად ბაზარზე. პირველადი ბაზრის გაყიდვები წლიურად 52.6%-ით გაიზარდა, მეორად ბაზარზე კი ზრდამ 22.3% შეადგინა. ამასთან, მეორად ბაზარზე დაფიქსირებული შედეგი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.
Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში ჯამურად 22 799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, ხოლო გაყიდვების მთლიანმა ღირებულებამ 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26.6%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ფასებს, ივნისში პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინების საშუალო შეწონილი ფასი თვიურად 0.3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 417 აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი 1.5%-ით შემცირდა და 1 345 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, რაც Galt & Taggart-ის შეფასებით, აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდის შემდეგ ბაზრის ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.




























