თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ქონების პრივატიზებით არავინ დაინტერესდა. 23 ივლისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.
დედაქალაქში წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე, ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო ქონების საწყისი ღირებულება 6 650 000 ლარი იყო და ის 6 აგვისტოს დასრულდა.
ქონების საერთო ფართობი 3 694 კვადრატული მეტრია და შემდეგი აღწერილობა აქვს: 927.62 კვ.მ, 891.81 კვ.მ., 775.14 კვ.მ. და 793.78 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 305.90 კვ.მ. სარდაფი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
დაინტერესების და შეძენის შემთხვევაში, აუქციონის საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ახალ მფლობელს, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის არანაკლებ 1 000 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ინვესტიცია ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 4 წლის ვადაში უნდა ჩაედო. სამუშაოები კი შესაძლოა მოიცავდეს, ქონების დემონტაჟს და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანას. ამ ვალდებულების შესრულებიდან მაქსიმუმ 6 თვეში კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით უძრავ ქონებაზე განთავსებული სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის, რომლის ფართი უნდა იყოს არანაკლებ 300 კვ.მ.) ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში მოყვანა უნდა უზრუნველეყო. დამატებით სახელშეკრულებო (არასაპრივატიზებო) პირობად განსაზღვრული იყო თავშესაფრის ფუნქციის მუდმივად შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ამ სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობით უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა.