21 ნოემბერს თბილისის ცენტრში, "მარიოტის" უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პარაგრაფ თბილისი“ მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა. „პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისში“ და „პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.
„პარაგრაფ თბილისი" შეძლებს, უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს და საქართველოში მოიზიდოს ახალი კატეგორიის ბიზნეს ვიზიტორები თუ დამსვენებლები", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
"მარიოტის" საერთაშორისო ქსელ Autograph Collection-ის ბრენდი საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით 2018 წელს შემოვიდა და ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“ გახსნა.
Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე თავდაპირველად 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო. პანდემიის გამო გახსნა თავდაპირველად 2021 წლისთვის, შემდეგ 2022 წლის ზაფხულისთვის, ბოლოს კი 2023 წლისთვის იგეგმებოდა.
აღნიშნული პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თაბორის მთაზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს" და გოლფ კლუბს.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მრავალმილიონიანი პროექტის გახსნას, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას „უნიკალური“ პროექტის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანას შეემატა კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი.
„დღეს კი მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შეიძლება ასე ითქვას, ახალი პარაგრაფი იწყება. ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია დედაქალაქის ცენტრში ასეთი არაჩვეულებრივი, უნიკალური ახალი სასტუმროს ფუნქციონირება. სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, 220 ნომერი, 5 სხვადასხვა კატეგორიის რესტორანი და სხვა სივრცეები - ეს ყველაფერი ქმნის ყველა იმ საშუალებას, რომ სასტუმრომ უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს, ბიზნეს კონფერენციებს, ვიზიტორებს, დამსვენებლებს, ჩვენს ტურისტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „პარაგრაფ თბილისის” ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია.
„საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და, რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის - როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა თანაინვესტირების ფონდს, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად. ასევე მინდა ვთქვა, რომ თანაინვესტირების ფონდი უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს - 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.
ასევე ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წელში შეიქმნა ახალი 85 000 საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში - 85 000 ახალი საწოლი ადგილი. ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ტურიზმი ვითარდება ძალიან სწრაფად ჩვენს ქვეყანაში. შარშან საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ. წელს უკვე სამ კვარტალში 3,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო საქართველომ. ეს ყველაფერი გვაძლევს ძლიერი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა ვითარდება, ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ახალი პროექტის დასრულებას. დიდი მადლობა!“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.