მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მჯდომ ჩინოვნიკს ჰგონია, რომ უკეთ იცის, რა სჭირდება მესტიის ან თერჯოლის სოფელს - ირაკლი მელაშვილი

აჭარა სოფელი

თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი ირაკლი მელაშვილი მთავრობას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის არქონაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2020-2025 წლების სტრატეგიის დოკუმენტის ვადა ამოიწურა, თუმცა, მომდევნო წლების პრიორიტეტებზე მუშაობა დაწყებულიც კი არ არის.

„სადმე გაგიგიათ, რომ ახალ დოკუმენტზე დაეწყოთ მუშაობა? 2026-2030 წლისთვის პრიორიტეტები განსაზღვრული რომ იყოს, 2024-ში მაინც უნდა დაწყებულიყო ამაზე მუშაობა. არანაირი დოკუმენტი არ არის შედგენილი, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი პრიორიტეტები მთავრობის დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით“ - აცხადებს მელაშვილი BMG-სთან.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ინსტიტუციური მართვის ნაცვლად, პერსონებზე დამოკიდებული გადაწყვეტილებები მიიღება.

„მთელ მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში ხდება ასე: მთავრობისათვის რაც პრიორიტეტულია, ის იმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს საშუალოვადიან სტრატეგიას, იმ სფეროში ცვლილებებს. შემდეგ, ამ დოკუმენტის საფუძველზე მუშავდება სამოქმედო პროგრამები, პროგრამების საფუძველზე - პროექტები, მოსახლეობასაც, დაინტერესებულ პირებსაც, პოლიტიკოსებსაც, ჟურნალისტებსაც აქვთ შესაძლებლობა ყოველ ეტაპზე შეამოწმონ რა კეთდება, როგორ კეთდება, რას აკეთებს მთავრობა, რამდენად შეესაბამება იმ გეგმებს, რომელიც პოლიტიკის დოკუმენტში გაიწერა და ა.შ. არაფერი მსგავსი საქართველოში არ ხდება. პრემიერ-მინისტრები იცვლებიან, მაგრამ ეს მთავრობები ფაქტობრივად, წინააღმდეგი არიან თვითმმართველობის რეფორმის საქართველოში“ - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

სპეციალისტი ევროპულ დახმარებებზე უარის თქმის საკითხსაც ეხმაურება. მისი ინფორმაციით, საქართველომ უარი თქვა დაახლოებით 50-მილიონიან გრანტზე, რომელიც რეგიონების განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

„დღეს ეს დახმარება 200-300 მილიონი ევრო იქნებოდა. ევროპული გზის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ შენ არ აშენებ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენ დღეს ვაშენებთ საბჭოთა, ცენტრალიზებულ სახელმწიფოს, სადაც თბილისში მჯდომ ჩინოვნიკს ჰგონია, რომ უკეთ იცის, რა სჭირდება მესტიის ან თერჯოლის სოფელს, ვიდრე ადგილობრივ მცხოვრებს“ - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

მისივე თქმით, თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული საკითხები, რაც 2016 წლისთვის უნდა განხორციელებულიყო, ჯერ კიდევ შესასრულებელია. მათ შორისაა, თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემა, გადასახადების გაყოფა, უფლებამოსილების გამიჯვნა და სხვა.

„ეს გაწერილი დებულებები ჯერ კვირიკაშვილის მთავრობამ, მერე გახარიამ, მერე ღარიბაშვილმა, მერე კობახიძემ - ყველამ შეაჩერა და ფაქტობრივად, თვითმმართველობა გაანადგურეს. იქ გაწერილია ყველაფერი, რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესი დაიძრას.

როდესაც წინა - სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველი დონის თვითმმართველობა გააუქმა და მერე გადასახადები და საკუთარი შემოსავლები წაართვა, ჩვენ იმის შემდეგ საბჭოთა ტიპის ცენტრალიზებული მმართველობა გვაქვს.

ძლიერი თვითმმართველობა არის ის, რაც წყვეტს რეგიონების პრობლემებს და არა ძლიერი ცენტრალიზებული მმართველობა. იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩინოვნიკმა საერთოდ არაფერი იცის რა ხდება რეგიონებში, კონკრეტულ რეგიონში და ნაკლებად აწუხებს სამინისტროს რომელიღაცა თანამშრომლებს თერჯოლის სოფელში როგორ იქნება წყლის საკითხი მოგვარებული ან მესტიის სოფელში გზის საკითხი - როგორი.

თუ რამის გაკეთება გვინდა, ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა ის გზა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული ჩვენი რეგიონების განვითარებისათვის, რაც იყო ევროპიდან სპეციალური პროგრამების და ფონდების მოძიება და მოძებნა“ - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები