თბილისში მზის ენერგიაზე მომუშავე შუქნიშნები დამონტაჟდება. შესაბამისი გეგმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტშია ასახული. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია 20-დან 30-მდე შუქნიშნის დამონტაჟება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიაზე მუშაობს.
შუქნიშანი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით, რომლის დახმარებითაც დღის განმავლობაში მზის ენერგიით იმუხტება. მზის ენერგიაზე მომუშავე შუქნიშნები უფრო მეტად ენერგოეფექტურია იმ მიმართულებითაც, რომ უფრო სწრაფად ირთვება და ითიშება.
მსგავს შუქნიშნებთან ერთად დაგეგმილია დედაქალაქის მასშტაბით ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟება, რომლებიც უსინათლოებისთვის არის განკუთვნილი, რომ მათ დამოუკიდებლად ქალაქში გადაადგილება შეძლონ.
აღნიშნული ღონისძიებების გატარებას თბილისის მერია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში გეგმავს.
დოკუმენტში მითითებულია, რომ თბილისში საგზაო მოძრაობის მართვისა და კონტროლის ავტომატიზებული სისტემის, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული შუქნიშნების და მათი მოწყობილობების მოვლა-შენახვა-ექსპლუატაციის მომსახურებისთვის 866 165 ლარია განსაზღვრული.
ამ თანხაში განსაზღვრულია შუქნიშნის ობიექტებზე წარმოქმნილი სხვადასხვა ნაკლოვანებების აღმოფხვრა; 50 ცალი შუქნიშნის მონტაჟი; 30 ცალი მზის ენერგიაზე მომუშავე მოციმციმე შუქნიშნის მონტაჟი; 30 ხმოვანი სიგნალი შუქნიშანი (უსინათლოებისათვის); 2700 გრძ/მ სხვადასხვა კვეთის იზოლირებული ელ. სადენები; შუქნიშნის ობიექტების მიერ მოხმარებული ელ.ენერგია.