რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც დიდი დიღმის და მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის N321 მარშრუტზე ელექტრო ავტობუსი გადაადგილდება.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერი დედაქალაქში დაგეგმილი სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ელექტრობუსების შემოყვანის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს აცხადებდა. მაშინ კალაძე ამბობდა, რომ 2020 წლიდან თბილისში 200 ერთეული, 18-მეტრიანი ელექტრო ავტობუსის შემოყვანა იგეგმებოდა, თუმცა როგორც დღეისთვისაა ცნობილი, პირველ ეტაპზე 50 ერთეულ 18-მეტრიანი ავტობუსს ქალაქში წლის ბოლოსთვის კომპანია MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსი” შემოიყვანს. სულ კი ქალაქში 160 ელექტრო ავტობუსი შემოვა.
დედაქალაქის მერიის მიერ გაცხადებული სატრანსპორტო რეფორმიდან გამომდინარე, BM.GE-მ თბილისის მერიას მიმართა, სადაც განგვიცხადეს, რომ მერიის თხოვნით „თეგეტა ჰოლდინგმა“ დედაქალაქს სატესტო რეჟიმში სამუშაოდ ერთი ელექტრო ავტობუსი გადასცა, რომელიც მგზავრებს 321-ე მარშრუტზე 15 დეკემბრამდე მოემსახურება.
„როგორც იცით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე და მის განვითარებაზე. სულ მალე თბილისის ავტობუსების პარკს ეტაპობრივად დაემატება 160 ერთეული ბუნებრივ აირზე მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსები. თბილისის მუნიციპალიტეტის თხოვნით, "თეგეტა ჰოლდინგმა" სატესტო რეჟიმით მუშაობისთვის, დროებით გადმოგვცა კომპანიის კუთვნილი ელექტრო ავტობუსი, რომელიც დაემატა N321 მარშრუტს და 15 დეკემბრამდე იმოძრავებს ქალაქში“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.
კითხვაზე - რატომ გაჩნდა სატესტო რეჟიმში „თეგეტა ჰოლდინგის“ კუთვნილი ელექტრო ავტობუსის დანიშვნა და ეს აღნიშნულ მარშრუტზე ავტობუსების სიმცირით ხომ არ არის განპირობებული, მერიაში აცხადებენ, რომ ავტობუსი არ დაჰკლებიათ. ხოლო კითხვაზე - რა გეგმა აქვს მერიას ელექტრო ავტობუსებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გეგმას აუცილებლად დააანონსებენ.
*ინფორმაცია ახლდება