მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

აქცია

„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, დასრულდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები თავდაპირველად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს. ადგილზე საზოგადოებას პოლიტიკური ლიდერები სიტყვით მიმართავდნენ.

ლიდერების თქმით, დღევანდელი შეკრება პერმანენტული საპროტესტო აქციების დასაწყისია, ხოლო 28 ნოემბერს თბილისში კიდევ უფრო მასშტაბური დემონსტრაცია იგეგმება.

„ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ოპოზიციის აკრძალვის მცდელობით ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს: „მას ეშინია ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის.

„ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს. ის აღიარებს, რომ აღარ ენდობა ქართველ ხალხს, რომ მას ეშინია ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის. [...] ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, ვისაც არ აქვს პასუხი სისტემურ სიღატაკეზე, კორუფციაზე, ემიგრაციასა და სიღარიბეში ვიდეოქოლით გაზრდილ ბავშვებზე.

ჩვენ მშვიდობიანი, მტკიცე წინააღმდეგობით მივაღწევთ იმას, რომ ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წასვლა და მიტაცებული თავისუფლების დაბრუნება. ეს ერთთვიანი კამპანია, რომელიც 28 ნოემბრამდე იქნება და მერეც გაგრძელდება, სწორედ იმას ემსახურება, რომ პოლიტიკას თავისი შინაარსი დავუბრუნოთ“.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ხაზი გაუსვა, რომ პროტესტის წარმატებისთვის გადამწყვეტი ხალხის რაოდენობაა.

„ვიდრე ივანიშვილი არის აქ, ეს დღე, განსაკუთრებით კი 28 ნოემბერი, არის ყველა ჩვენგანის მარცხის დღე. ევროკავშირის გადადება ყველა ჩვენგანის მარცხია. [...] მოვიდა ის დრო, როცა ხალხის რაოდენობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს, საქართველო ივანიშვილის გარეშე!

ვიბრძოლებთ ყველა მიკრო ბრძოლას და მოვიგებთ ყველას: სასამართლოს დარბაზში, სადაც ხვალიდან განახლდება ეს უთანასწორო ბრძოლა, ქუჩებსა და ტელევიზიებში. ახლა იწყება ეტაპი, რომლის მთავარი ღერძი და შინაარსია, საქართველო ივანიშვილის გარეშე“.

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფება ახლა ცდილობს, ოფიციალურად წაგვართვას ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობამ მოიპოვა. გვიცხადებენ, რომ საქართველოში ერთპარტიული დიქტატურა უნდა დამყარდეს. ეს არის კიდევ ერთი დიდი, რუსული ბლოკპოსტი ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ.

მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში — პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა. 28 ნოემბერს კიდევ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ“.

ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი შეკრება საფუძველს ჩაუყრის ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას, რომელიც 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური დემონსტრაციით დაგვირგვინდება.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ორი წელი გადის, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები