თბილისში, ოქტომბერში 3,865 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
Colliers Georgia-ის მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 22%-ით, 274 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
„თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 23%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ით არის შემცირებული“, - ნათქვამია Recov.ge-ზე განახლებულ მიმოხილვაში.
რაც შეეხება საცხოვრებელი ბინების ფასს, ოქტომბერში დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 11%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში 1%-ით, ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 1%-ით, კვ.მ.-ზე 1,073 დოლარამდე შემცირდა.
ძველი ბინების შემთხვევაში, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 14% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.