საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ის ორგანიზებით, პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფორუმი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს, მიზნად ისახავს საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
ფორუმში 20-ზე მეტი ქართული კომპანია და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა.
ფორუმის ფარგლებში ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვრიდან საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს. სწორედ ამიტომ სლოვაკეთიდან წელს, პირველ კვარტალში 2326 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 87.6%-იან ზრდაზე მიუთითებს 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როცა სლოვაკეთიდან 1240 ვიზიტი შედგა.




























