თბილისში, რამდენიმე ადგილას საპოლიციო ღონისძიებების შედეგად რვა პირი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა უთხრა.
ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბარია.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპოლიციო ღონისძიებები თაღლითურ სქემას უკავშირდება.
„სპეციალური საპოლიციო ღონისძიება სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. დაკავებულია რვა პირი. საპოლიციო ღონისძიებები თაღლითურ სქემას უკავშირდება. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც BM.ge-ის შსს-ში უთხრეს ბარში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობედნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე სავარაუდოდ ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითური სქემით გამოძალვას ეხება.