მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საახალწლო ღონისძიებებზე ₾6.5 მლნ დაიხარჯება - მერიამ გამარტივებული შესყიდვის უფლება მიიღო

თბილისის მერია

თბილისში საახალწლო ღონისძიებების გამართვისთვის 6.5 მლნ ლარი დაიხარჯება. თბილისის მერიამ თანხის გამარტივებული შესყიდვის წესით დახარჯვის უფლება უკვე მიიღო.

წარდგენილ დოკუმენტში წერია, რომ შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში მერია "საახალწლო ქალაქი"-ს მოწყობას და მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე

ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით დაიწყება. ღონისძიებები სხვადასხვა კულტურულ და სანახაობრივ აქტივობებს გააერთიანებს.

აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები, თოვლის ბაბუას სახლი და სახელოსნო, პავილიონი "საახალწლო ქალაქი", კულტურული, სპორტული, საბავშვო, მოსასვენებელი სივრცეები/პავილიონები, სხვადასხვა სცენის დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, საახალწლო ბარი, დეკორირებული ნაძვის ხეები, ხიდის, ქუჩებისა და ფასადების თემატური მორთულობები, საციგურაო ყინულის მოედანი, ყინულის მოედნის თემატური დეკორაცია.

გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები, "სტუდენტური საახალწლო ფესტივალი". დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, სამეწარმეო და კვების სივრცეები, ასევე გასტრონომიული ზონები.

ასევე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა - "თბილისის საშობაო ბაზარი", რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობა, ადგილობრივი მცირე და საშუალო ტიპის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

2023 წლის 31 დეკემბერს დაგეგმილია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტის გამართვაც.

„დაგეგმილი ღონისძიებები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ამიტომ მისი ჩატარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, ვინაიდან გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი“, - მიიჩნევს თბილისის მერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები