მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისში საბინაო ფონდის 70%-ზე მეტი ამორტიზებულია“ - რა განაპირობებს მაღალ მოთხოვნას?

ავარიული კორპუსი

დედაქალაქში არსებული ძველი საბინაო ფონდის დიდი ნაწილი ჩანაცვლებას საჭიროებს, რაც უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, თბილისში საცხოვრებელი ფონდის 70%-ზე მეტი ამორტიზებულია.

მისი თქმით, ეკონომიკისა და შინამეურნეობების შემოსავლების ზრდასთან ერთად, მოსახლეობა პირველ რიგში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ახალაშენებულ კორპუსებში გადასვლას ცდილობს.

როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, ბინების უმეტესობა თბილისში საცხოვრებელი მიზნით იყიდება. ხოლო მშენებლობის ადრეულ ეტაპზე პროექტებში აქტიურად შემოდიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები, რადგან ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებთან შედარებით, უძრავი ქონება მაღალ ამონაგებს უზრუნველყოფს.

„მამოძრავებელი ძალა მოთხოვნისა საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე არის ის, რომ საცხოვრებელი საბინაო ფონდის დიდი ნაწილი ამორტიზებულია, განსაკუთრებით თბილისში. ანუ, სადღაც 70%-ზე მეტი საბინაო ფონდის საჭიროებს ჩანაცვლებას. ბუნებრივია, როდესაც შინამეურნეობების შემოსავალი იზრდება, პირველ რიგში ისინი აუმჯობესებენ საცხოვრებელ გარემოს, გადადიან ახალაშენებულ კორპუსებში. ჩვენ რომ შევხედოთ ეკონომიკურ ზრდას, წელს დაახლოებით 8% იყო რეალური ზრდა. ინფლაციამ ოდნავ გადააჭარბა 5%-ს, შესაბამისად, ნომინალში 12-13%-ით გაიზარდა ეკონომიკა. უძრავი ქონების ფასებს თუ დააკვირდებით, დაახლოებით 9%-იანი ზრდაა, ანუ მიყვება. ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება ნომინალში, ვიდრე უძრავი ქონების ფასები. ამიტომ აქ რაღაც ჭარბ მიწოდებაზე საუბარი ზედმეტია.

ამის ინდიკატორია გაყიდული ბინების წილი, კვლევის საფუძველზე თქვენ ნახავთ, რომ იმ პროექტებში, რომლებიც წელს სრულდება, თითქმის 80% ბინების გაყიდულია. იმ პროექტებში, რომლებიც მომავალ წელს სრულდება 66%, ხოლო იმ პროექტებში, რომლებიც 2 და 3 წლის თავზე სრულდება, თითქმის 60%-ია რეალიზებული.

საბოლოო მყიდველი, გახლავთ ის ადამიანი, რომელიც იქ აპირებს ცხოვრებას. ანუ თბილისში ბინების უმეტესობა ამ ბინებში ცხოვრების მიზნით იყიდება. თუმცა, როდესაც საუბარია მშენებლობის ადრეულ ეტაპზე, როცა ფასი ნაკლებია, ამ დროს ბინის ყიდვა ქმნის სერიოზული ამონაგების პოტენციალს. ამით როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები ინტერესდებიან, თუმცა ეს არ არის წამყვანი ფაქტორი“, - ამბობს ბურდილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები