მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისში სასწრაფოს 63 ადამიანია გათავისუფლებული“ - რას ითხოვენ დასაქმებულები?

64a42e47f20ee
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.23 19:30
1362
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგ ცენტრთან, სასწრაფოში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლების ნაწილმა პროფკავშირებთან ერთად, საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის ირაკლი ამირანაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, რომ აქციაზე დასაქმებულებმა ახალი ხელშეკრულების პირობები გააპროტესტეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვით გადამზადების შემდეგ გამოცდაზე ჩაჭრილი თანამშრომლებს ათავისუფლებენ. დასაქმებულები ასევე ცენტრისგან დასაქმებულთა პროფკავშირული ნიშნით დევნის შეწყვეტას ითხოვენ.

„სასწრაფოში დასაქმებულებს ახალი ხელშეკრულებები გაუფორმეს, სადაც ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნული, რომ კვალიფიკაციის ამაღლების კურსების შემდეგ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში მათ სამსახურიდან გაუშვებდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დასაქმებულებმა ამ ხელშეკრულებებს ხელი დაშინებით, შანტაჟით და მუქარით მოაწერეს. შესაბამისად, მათი სამუშაო პირობები გაუარესდა. ეს კანონის დარღვევაა და პროფკავშირები იურისტებთან ერთად მუშაობენ ამ საკითხზე. თანამშრომლები, რომლებიც სასწრაფოში წლებია მუშაობენ და ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად გადიოდნენ გადამზადებას, ახლა ტრენინგების შემდეგ გამართულ გამოცდებზე ჩაიჭრნენ და სამსახურიდან გაუშვეს. იმ თანამშრომლებს ჭრიან და შედეგებსაც არ ანახებენ, ვინც პროფკავშირის წევრია. ჯერჯერობით თბილისში 63 ადამიანია გათავისუფლებული. ხელშეკრულების ეს პირობები თბილისში მოქმედებს, თუმცა მალე ალბათ რეგიონებშიც ამოქმედდება“, - აცხადებს ირაკლი ამირანაშვილი.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი განმარტავს, რომ გამოცდები არასწორად ტარდება და კითხვის ნიშნის ქვეშ არა დასაქმებულთა, არამედ ტრენერთა კომპეტენცია უნდა დგებოდეს. ის იმასაც ამბობს, რომ გამოცდაზე შესული 15 ადამიანიდან პირველ ნაკადზე ყველა ჩაიჭრა, ხოლო მეორე ნაკადზე 14.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ - სასწრაფოს მანქანებს გააჩერებენ, პირს ამოიკერავენ და იშიმშილებენ. „ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. ვითხოვთ ამ ბრძანების გაუქმებას. სასწრაფოს დასაქმებულებს უნდათ კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა არა სტრესულ გარემოში. ვიწვევთ სასწრაფოს ადმინისტრაციას სატელევიზიო დებატებში და გავაცნოთ საზოგადოებას არსებული ვითარება“, - განაცხადა ამირანაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები