„თბილისში საცობები სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“ - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მერიაში ამ პრობლემის მოგვარებისა და მოძრაობის მოწესრიგების თავისი ხედვა აქვთ.
„ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციის პარალელურად, მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია ემატება საავტობუსო ზოლები, რათა გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და დედაქალაქში მოძრაობა აჩქარდეს. ცხადია, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ სადაც კვლევების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, ყველგან ვაკეთებთ. გარდა ამისა, იქმნება საფეხმავლო ბილიკები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები; სადაც შესაძლებელია, ემატება საავტომობილო ზოლები, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და რაც მთავარია, აჩქარდეს.
მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამუშავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების არაერთ სქემას. უკვე განხორციელდა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. სატრანსპორტო კვანძზე მოეწყო დამცავი კუნძულები, შეიქმნა საფეხმავლო კავშირი და მტკვრის მარცხენა სანაპირო მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე, განხორციელდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც, გზაჯვარედინის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა. დაიხაზა ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები, შეიცვალა შუქნიშნის მაჩვენებლები, ტერიტორიას დაემატა საავტომობილო ზოლებიც.