მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში შემოწმებული 13-დან 10 კვების ობიექტში დარღვევებია – 8 მათგანს საქმიანობა შეუჩერდა| სეს

სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს. უწყების ცნობით, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში, საიდანაც სამართალდარღვევა 10-ში გამოვლინდა.

სესის ინფორმაციით, 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა.

"10 ობიექტში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევა, კერძოდ დარღვეული იყო ზოგად სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მიკვლევადობის წესი, ასევე ბიზნესოპერატორები არ იყვნენ რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და 8ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა.

ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე და კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დროულად მოახდინონ მათი საქმიანობის რეგისტრაცია, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი შესაძლო საჯარიმო სანქციები", - ამბობს ნატო მუსელიანი, სეს-ის თბილისის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები. პრესრელიზში აღნიშნული არ არის, თუ რომელ ობიექტებზე გამოვლინდა დარღვევები.

"სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01. ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები