თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებისა და ჯგუფური ძარცვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები დილის საათებში აპარატიდან ფულის მოპარვას ცდილობდნენ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
უწყების ცნობით, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხივე პირი ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აიყვანეს. შსს აცხადებს, რომ დაკავებულების მიერ დანაშაულის ჩადენა სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დასტურდება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























