თბილისში მდებარე სასტუმროების ნაწილში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ტურისტული ჯავშნების დიდი ნაწილი იანვარშიც უქმდება.
კომპანია “კა ჯგუფში“, რომელიც თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სასტუმროს მართავს, აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება ნეგატიურად განსაკუთრებით დედაქალაქზე აისახება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ BMG-ის განუცხადა, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ასტორიაში“ ჯავშნების დიდი ნაწილი იანვარშიც გაუქმებულია, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.
„მიმდინარე მოვლენებიდან და ჩვენი სასტუმროების მდებარეობიდან (რუსთაველის გამზირთან ახლოს) გამომდინარე, ჯავშნები გვიუქმდება. ეს საწყის ეტაპზე დეკემბერში იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის ტენდენციიდან გამომდინარე, უკვე იანვრის ჯავშნებიც გვიუქმდება. მაგალითად, 2025 წლის 8-14 იანვარს საქართველო კარატის ჩემპიონატს მასპინძლობს და ამ პერიოდში ჩვენი სასტუმრო სრულად იყო დაჯავშნილი. თუმცა სამწუხაროდ, მივიღეთ შეტყობინება, რომ არსებული ჯავშნები გაგვიუქმეს. 220 ოთახი ჰქონდათ საწყის ეტაპზე დაჯავშნილი 6 ღამით, რაც 1300 ღამის თევაა, რაც იანვრისთვის დიდი მოცულობის ჯავშნებია, ეს სრული ჯავშნების დაახლოებით 50%-ია. ეს მხოლოდ ერთი ჩემპიონატის მაგალითზე და სხვა ჯავშნებიც ავტომატურად უქმდება. დაბალი სეზონის პერიოდში ჩვენი ძირითადი ქვეყნებია ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი და უზბეკეთი და ამ ქვეყნებიდანაა ჯავშნების გაუქმებები. საახალწლოდ მეზობელი ქვეყნებიდანაც დიდი რაოდენობით გვყავს სტუმრები, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და სომხეთიდან, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენი სტაბილური პარტნიორია, 110 ნომრის ნაცვლად, ახალს წელს 25 ნომერია დაჯავშნილი“, - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ.