2023 წლის ივლისში, თბილისში უძრავი ქონების ქირა თვიურად 3.4%-ით გაიზარდა, რამაც დედაქალაქს უძრავ ქონებას საინვესტიციო მიმზიდველობა კიდევ უფრო შემატა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
აღსანიშნია, რომ თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი წელს, ყოველთვე მზარდი იყო წლიურ ჭრილში. ივლისში წლიურმა ზრდამ 45.3% შეადგინა.
რაც შეეხება ბინების გაყიდვას, Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის ივლისში თბილისში 3,656 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.7% და თვიურად 7.2%-იანი კლებაა, რისი მიზეზიც წინა პერიოდებოს მაღალი ბაზაა.
„აღსანიშნავია რომ, გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზარზე (+13.9% წ/წ) და შემცირდა მეორად ბაზარზე (- 13.5% წ/წ ახალ პროექტებში და -18.8% წ/წ ძველ პროექტებში). საბოლოო ჯამში, მიუხედავად მცირე კლებისა, ბაზარზე მოთხოვნა ჯანსაღი რჩება. 2023 წლის ივლისში წლიური გაყიდვები შემცირდა თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში (საბურთალო, ვაკე, მთაწმინდა), ხოლო გარეუბნებში, სამგორში, დიდი დიღომსა და ნაძალადევში, გაყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) წილის ზრდა და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) მზარდი მიმზიდველობა“, - წერია მიმოხილვაში.