7 ნოემბერს, “ქეა კავკასიის” მხარდაჭერით, უკრაინული ბიზნეს ინიციატივის, საკონდიტრო Future Baker-ის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. Future Baker -ის გახსნის მნიშვნელობაზე დაწვრილებით „ქალების ნარატივში“ ორგანიზაცია “ქეა კავკასიის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხაჩიძემ ისაუბრა.
„ღონისძიება ხაზს უსვამდა ქალთა როლს ბიზნესის სამყაროში და უკრაინული ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში. „ქეა კავკასიამ“ საკონდიტროს შექმნისთვის ალიონა ოსტაპჩუკი დაახლოებით 5 000 დოლარით დააფინანსა და ასე იქცა მისი იდეა ბიზნესად,“ - აღნიშნა ქეთევან ხაჩიძემ.
Future Baker-ი საბურთალოზე მდებარეობს. საკონდიტროში ამ ეტაპზე წარმოდგენილია კიევური ტორტებისა და ნამცხვრების ნაირსახეობა, თუმცა გარდა საკონდიტრო პროდუქციისა, ბრენდის დამფუძნებელი უკრაინელ და ქართველ ქალბატონებს სთავაზობს მასტერკლასებსაც, მომავალში კი კურსების შეთავაზებას მოზარდებისთვისაც გეგმავს.
„ბიზნეს ინიციატივა მხარდაჭერილია პროექტის „უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში. პროგრამა მოიცავს სასწავლო-სატრენინგო კურსებს, რომლის ფარგლებშიც უკრაინელები ეცნობიან ბიზნეს პროექტების წერას,ბიუჯეტირებას, სამართლებრივ და იურიდიულ საკითხებს და მარკეტინგს.“ - განაცხადა ქეთევან ხაჩიძემ.
მისივე თქმით, ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა პიროვნება იყოს უკრაინის მოქალაქე და იყოს უკრაინის ომის შემდგომ ჩამოსული საქართველოში. უნდა გააჩნდეს კარგი ბიზნეს იდეა და საქართველოში გეგმავდეს დიდი ხნით დარჩენას, რათა ბიზნესი შემდგომ იყოს მდგრადი.
„ქეა კავკასიამ“ ეს პროექტი აგვისტოდან გაუშვა. პროგრამის მხარდაჭერით, 500.000 ლარზე მეტი ინვესტიციით, 35 უკრაინული ბიზნესი სტარტს იღებს საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში, რაც, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების ეკონომიკურ მდგრადობასა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას.