მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისთან ახლოს ახალი ტურისტული ობიექტი „ვილა ვეჯინი“ იხსნება - რა ეღირება განთავსება?

642ec75599062
სალომე ხიდურელი
07.04.23 21:34
2816
თბილისიდან 3 კმ-ში, სოფელ ვეჯინში მომდევნო კვირას ახალი ტურისტული ობიექტი „ვილა ვეჯინი“ გაიხსნება - ამის შესახებ BM.GE-ს თანადამფუძნებელმა თათია გაბისიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ვილის მშენებლობისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და საბოლოო დეტალებს ახლა აწესრიგებენ, სულ მალე კი ვილა სტუმრებსაც უმასპინძლებს.

„ვილა თბილისიდან ზუსტად სამ კილომეტრში, სოფელი მამკოდას ზემოთ, სოფელ ვეჯინში თბილისის ეროვნულ პარკთან მდებარეობს. დიდხანს ვეძებდით თბილისის გარშემო მსგავს ადგილს და ვეჯინით ყველაზე მეტად მოვიხიბლეთ. გვინდოდა, რომ მსგავს გარემოში დამსვენებლის მსურველებისათვის ახალი სივრცე შეგვეთავაზებინა.

ჩვენი ეზო ძალიან დიდია, სადაც განთავსებულია ერთი 3-სართულიანი ვილა, რომელიც 6-8 ადამიანზეა გათვლილი. ასევე კოტეჯი - 2 ადამიანზე. გარდა ამისა გვაქვს პანორამული ბუხრის ოთახი, ეზოში საუნა და ვილის მესამე სართულის ტერასაზე ჯაკუზი დედაქალაქზე ფანტასტიკური ხედებით“ , - აცხადებს თათია გაბისიანი.

მისი თქმით, ვილაში ჯერ მხოლოდ მცირე ზომის წვეულებების მოწყობაც შეიძლება, რადგან დღის განმავლობაში 15 სტუმრის მიღება შეუძლიათ.

„მთლიანი ვილის ერთი ღამით ქირაობის ფასი შაბათ-კვირას 800 ლარია, კვირის დღეებში - 700. კოტეჯს რაც შეეხება, უქმეებზე 350 ლარია, დანარჩენ დღეებში - 250. ვილასა და კოტეჯს ერთდროულად არ ვაქირავებთ, რადგან ვითვალისწინებთ დამსვენებლის ინტერესებს, რომ მშვიდი გარემო შევთავაზოთ“, - ამბობს „ვილა ვეჯინის“ თანადამფუძნებელი.

ტურისტული ობიექტის მართვის სირთულეებზე საუბრისას, გაბისიანი აღნიშნავს, რომ ვილაში საკომუნიკაციო არხების შეყვანის პრობლემაა.

„მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ როდესაც მშენებლობა დავიწყეთ, გზაც არ იყო დაგებული, ახლა გააკეთეს.ამ ეტაპზე გაზი არ გვაქვს და გათბობა მთლიანად ელექტროენერგიაზეა. ველოდებით 2024 წელს, როცა გვპირდებიან, რომ ამ პრობლემას მოაგვარებენ“, - ამბობს თათია გაბისიანი.

მისი თქმით, ობიექტზე უცხოელი ტურისტების მხრიდან დაინტერესება უკვე საკმაოდ მაღალია, თუმცა იმედოვნებენ, რომ არანაკლები გამოხმაურება იქნება ქართველებისგანაც.

„უკვე ვგეგმავთ დამატებით სერვისებს: გვაქვს ეზოში სივრცე, სადაც ღია კინოთეატრი მოეწყობა. ასევე განვათავსებთ ტენისის მაგიდებსა და ჩოგბურთის მოედანს; ზაფხულში გვექნება აუზი. საოჯახო მარანიც გვაქვს, სადაც უკვე ვაწარმოებთ სამი ტიპის ქვევრის ღვინოს და თუ ამ მხრივ დაინტერესება გაიზრდება, ვფიქრობთ წარმადობის გაფართოებასაც“, - აღნიშნავს თათია გაბისიანი.

„ვილა ვეჯინის“ თანადამფუძნებელი ობიექტის საწყისი ინვესტიციის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ვილის დეტალებისა და ხარისხიდან გამომდინარე თანხა საკმაოდ მაღალი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები