"ჩვენი მიზანია, იყოს ორი ძირითადი კერა, თბილისი და ქუთაისი, სადაც უნივერსიტეტებში ერთობლიობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობით უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა" ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის გარდაქმნა სრულფასოვან საუნივერსიტეტო ქალაქად, იქნება საუკეთესო პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ამ ქალაქს და სისტემას ზოგადად კონცენტრაციის კუთხით.
„რადგან ჭარბი კონცენტრაცია განისაზღვრა როგორც გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი კონცეფცია უნდა იყოს ორიენტებული უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე და როგორ შეიძლება ამის მიღწევა. პირველ რიგში ჩვენ განვსაზღვრეთ ასეთი მიზანი, რომ თბილისთან ერთად ქვეყანაში უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში, რომელიც თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ქალაქია.
საბოლოოდ ჩვენი მიზანია, იყოს ორი ძირითადი კერა, თბილისი და ქუთაისი, სადაც უნივერსიტეტებში ერთობლიობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობით უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის. აქ არის ჩამოთვლილი სპეციალობები ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიები, სამართალი, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები, უცხო ენები, პედაგოგიკა, მედიცინა ანუ ეს ორი ქალაქი ვფიქრობთ, რომ უნდა ფარავდეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, რასაც მოიაზრებს ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემა.
ასევე ამასთან ერთად, გვინდა რომ გავაფართოოთ სხვა რეგიონული უნივერსიტეტის შესაძლებლობებიც ეს არის ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი და თელავი, სადაც შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო მეტად დაიტვირთოს არსებული რეგიონული უნივერსიტეტები. ვფიქრობთ, რომ აქ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ორ მიმართულებაზე, ეს არის აგრარული მიმართულება და ეს არის პედაგოგიკა. ამისათვის საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, ზოგადად ამ უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარება და ამაზეც იზრუნებს რა თქმა უნდა, სახელმწიფო. ასევე თბილისში მოქმედი სახელოვნებო-სპორტული უნივერსიტეტები სასულიერო სემინარიები, ამ მიმართულებითაც ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება და ამაზეც არის ყურადღება გამახვილებული ჩვენს კონცეფციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



























