მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილსერვის ჯგუფიდან" ერთ-ერთი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო

მერია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის მერიის კომპანიიდან, კერძოდ "თბილსერვის ჯგუფიდან" მარტში გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი და მისი სამსახურიდან გაშვება უკანონოდ ცნო. აღნიშნულ შრომით დავაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი მუშაობს.

"გათავისუფლებული ლ.ა.-ს სარჩელი, უკანონოდ ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლებას და მოპასუხე მხარეს განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურება დაავალა - https://cutt.ly/5toLzRJ4

ლ.ა. 2016-დან 2025 წლის აპრილამდე დასაქმებული იყო შპს „თბილსერვის ჯგუფში“, ბოლოს საწყობების მართვის დეპარტამენტში. იგი 10 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამ ხნის განმავლობაში დააწინაურეს და ხელფასიც გაუზარდეს, არასოდეს ყოფილა დისციპლინირებული შესრულებული სამუშაოს ხარვეზიანობის გამო. 31 მარტის ბრძანებით კი სამსახურიდან გაათავისუფლეს დაკავებულ პოზიციასთან კვალიფიკაციის შეუსაბამობის მიზეზით.

სინამდვილეში, როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, შპს „თბილსერვის ჯგუფმაც“ მიმდინარე წლის მარტში, რეორგანიზაცია ჩაატარა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიმართ გამოხატული პროტესტის საპასუხოდ, "ქართული ოცნების" მიერ საჯარო სამსახურში განხორციელებული საკადრო წმენდის ფარგლებში.

2025 წლის 9 დეკემბერს სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება და ბათილად ცნო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ბრძანება ლ.ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საქალაქო სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაუბეგრავი 1829 ლარის ოდენობით, აგრეთვე - სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაცია 1 თვის ხელფასის ოდენობით.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს მშრომელების ინტერესების დაცვას", - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბრის ბოლოდან პროევროპული აქციების მონაწილე ათობით საჯარო მოხელე სამსახურიდან გაუშვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები