სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა შპს "თბილავიამშენმა" 2025 წლის ფინანსური ანგარიში reportal.ge-ზე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ გასული წელი 51.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, შედარებისთვის კომპანიას 2024 წელს მხოლოდ 1.6 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მოგების გაუმჯობესება დაკავშირებული იყო თბილავიამშენის აქტივების განახლებულ შეფასებასთან. კომპანიის აქტივები, რაც თბილისში ათიათასობით კვადრატული მეტრის უძრავ ქონებას მოიცავს გადაფასდა, რამაც აღნიშნული მიმართულებით 218 მილიონი ლარის მატება წარმოშვა.
თავის მხრივ თბილავიამშენი და მისი შვილობილი კომპანიები დაკავებული არიან როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული საჰაერო ხომალდების და სხვა საჰაერო შეიარაღების მიმდინარე და კაპიტალური რემონტით, ასევე სხვა სახელმწიფოების საავიაციო ტექნიკის კაპიტალური რემონტით. ეს მოიცავს როგორც Mi-8, Mi-17, Mi-24 და Mi-35 ყველა მოდიფიკაციის ვერტმფრენების კაპიტალური რემონტს და მოდერნიზებას, ასევე Su-25, Su-25UB, L-39 და An-2 ტიპის თვითმფრინავების სარემონტო და ტექნიკური მომსახურებას. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათი საქმიანობა ასევე მოიცავს R-60 და R-73 ტიპის რაკეტების წარმოებას და რემონტს.
რაც შეეხება საოპერაციო ფინანსურ მაჩვენებლებს, 2025 წელს კომპანიამ 21.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო მომსახურების გაწევიდან (2024-ში 34.3 მლნ ლარი), რომ არა კომპანიის აქტივების გადაფასება კომპანიის მოგება 51.7 მლნ ლარის ნაცვლად 5 მლნ ლარის ფარგლებში იქნებოდა.






















