ბათუმში 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების ზრდა ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე მოხდა. ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე გამოქვეყნებულ განახლებულ მონაცემებშია აღნიშნული.
"ტრანზაქციების რაოდენობაში უცხოელი მოქალაქეების წილმა გადაუსწრო, ქართველი მოქალაქეების წილს, როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზრებზე", - აღნიშნავენ Colliers Georgia-ში.
უფრო დეტალურად, უცხოელების წილმა მეორეულ ბაზარზე 50% შეადგინა. გასული წლის თებერვალთან შედარებით უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო, მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა.
2026 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1,315 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 33.1%-ით 82 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის თებერვალთან შედარებით 22.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციები კი 12.8%-ით შემცირდა. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (24.4%), ისე მეორეულ (21.4%) ბაზრებზე.




























