2026 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 1.3 მლრდ კვტ.სთ-მდე (2%-ით) გაიზარდა.
როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ, ამ ზრდას სრულად პირდაპირი მომხმარებლები განაპირობებდა (26% წ/წ), მაშინ როცა დანარჩენ ორ მსხვილ კატეგორიაში კლება დაფიქსირდა: ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მოხმარება 6%-ით შემცირდა, საცალო ბაზარზე კი 2%-ით.
სტატისტიკის მიხედვით, საცალო მოხმარებამ 703 მლნ კვტს.სთ საათი შეადგინა, ხოლო პირდაპირი მოხმარება 266 მლნ კვტ.სთ გაუტოლდა. ოკუპირებულ აფხაზეთში დენის მოხმარება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 257 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.
"ჩვენი შეფასებით, საცალო სეგმენტის მოხმარების შემცირება, სავარაუდოდ, შედარებით რბილ კლიმატურ პირობებს უკავშირდება. ხოლო პირდაპირი მომხმარებლების მაღალი ზრდა ენერგოინტენსიური საწარმოების, მათ შორის ფეროშენადნობი ქარხნებისა და დატა ცენტრების, გააქტიურებას ასახავს", - აცხადებენ საინვესტიციო ბანკში.
მოხმარებასთან ერთად თებერვალში გაიზარდა ელექტროენერგიის წარმოებაც, რადგან ჰესების გამომუშავება წინა თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, თებერვალში ჰიდროგენერაციამ წლიურად 52%-ით იმატა (672 მლნ კვტ.სთ), რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ერთდროულად გაუმჯობესებული ჰიდროლოგიური პირობებით და დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება. თებერვალში ადგილობრივმა გენერაციამ ჯამური მიწოდების 78% დაფარა, ხოლო იმპორტის წილმა 22% შეადგინა. ამასთან, ჰიდროსადგურებმა ჯამური მოთხოვნის 53% დააკმაყოფილეს, თბოსადგურებმა - 25%, ხოლო ქარისა და მზის სადგურებმა - 0.6%.




























