მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში თბილისში 3 383 ბინა გაიყიდა - რომელ უბნებშია ყველაზე ძვირი და მოთხოვნადი უძრავი ქონება?

64229c66179bb
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.23 12:04
13810
თბილისში თებერვალში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით გადააჭარბა.

თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2023 წლის თებერვალის განახლებული მონაცემებით, გაყიდული ბინების მთლიანი რაოდენობიდან 746 ახალი ბინა იყო. ამგვარად ახალი ბინების გაყიდვები 2022 წლის თებერვალთან შედარებით 5%-ით მეტია. აღსანიშნია, რომ ზრდა წინა თვესთან შედარებით გაცილებით უფრო საგრძნობი აღმოჩნდა (+36%). შედეგად, 2023 წლის თებერვალში ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 22%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვას, წლიური ზრდა 14%-ს გაუტოლდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 15%-ანი მატება დაფიქსირდა.

საშუალო გასაყიდი ფასის წლიური ცვლილება მსგავსი აღმოჩნდა ახალი (+27%) და ძველი ბინებისთვის (+30%). თუმცა ზრდა წინა თვესთან შედარებით ახალი ბინების შემთხვევაში უფრო მაღალი იყო (+8% vs +3%).

უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში, გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით თბილისის უბნებს შორის დიდი დიღომი ლიდერობდა, რომელმაც 2021 წლის აპრილის შემდეგ პირველად, საბურთალოს გადაასწრო.

"დიდი დიღომი ასევე გამოირჩევა ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი დონით (222 ბინა), წინა წელთან 8%-იანი ზრდით. საბურთალოზე კი ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურ ჭრილში 33%-ით შემცირდა.

2023 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა ნაძალადევში (+250%), დიდუბეში (+64%) და გლდანში (+37%) დაფიქსირდა.

მთაწმინდასა და ვაკეში კვლავ ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასები დაფიქსირდა (>1,800$). ყველა უბანში მნიშვნელოვანი წლიური ზრდა შეინიშნება როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების შემთხვევაში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში ბინების გაყიდვები ზომისა და ღირებულების მიხედვით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ზომის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში გაყიდული ბინების 72% 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობისაა. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი კვლავ (41%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია. გაყიდული ბინების დაახლოებით 6% კი 125 კვ.მ-ს აღემატება.

იანვრის მსგავსად, 2023 წლის თებერვალში მაღალფასიანი ბინების გაყიდვები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. 1 კვ.მ.-ზე 1 500 დოლაზე მეტი ფასის მქონე ბინების წილი 8 პპ-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები