მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში თბილისში 3 801 ბინა გაიყიდა, ბაზრის ზომა 34.4%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

თბილისი

Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები, ასევე საშუალო გასაყიდი ფასი გაიზარდა.

კერძოდ, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,801 ერთეული შეადგინა და გასული წლის თებერვალთან შედარებით 20.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 34.4%-ით, 311 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (23.9%), ისე მეორეულ ბაზრებზე (18.5%). ტრანზაქციების რაოდენობა 15.7%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც.

ამასთან, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის თებერვალთან შედარებით 9.1%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 8.2%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 14.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Colliers Georgia-ს თანახმად, ქალაქის ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 15.1%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის ცენტრის მეორეულ ბაზარზე 8.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 10.7% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 6.3%-ით გაიზარდა.

2026 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის თებერვალთან შედარებით 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 4.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში კი 11.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 8.5%-ით მოიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები