2024 წლის თებერვალში თბილისში 3,546 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. Colliers Georgia-ს მიერ recov.ge-ზე განახლებული მიმოხილვით, აღნიშნულ პერიოდში დედაქალაქში ბინების გაყიდვები წლიურად მცირედ - 1%-ით შემცირდა, ბაზრის ზომა კი 5%-ით, 227 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ამ პერიოდში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის თებერვალში შედარებით მაჩვენებელი 10%-ით არის შემცირებული.
„თებერვალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 7%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 1% და 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 12%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია Colliers Georgia-ს განახლებულ მიმოხილვაში.