მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Techcrunch: როგორ ახდენს საქართველოს წამყვანი ბანკი ციფრული ტექნოლოგიების გადახალისებას

62039adcbc763
ნათია თაქთაქიშვილი
08.02.22 21:00
811
"საბანკო პროდუქტების სწრაფად განვითარებად სამყაროში, როცა მახასიათებლები ასე თუ ისე მსგავსი რჩება, ჭკვიანი სტრატეგიები ერთადერთი, ყველაზე ძლიერი გზაა კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. წამყვანი ქართული ბანკისთვის აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მოკლევადიანი ზრდა ადვილი იქნებოდა, თუმცა საქართველოს ბანკმა აიღო გეზი, გამხდარიყო რეგიონული ლიდერი მსოფლიოს წამყვან ციფრულ ბანკებს შორის", - სტატია ამის შესახებ techcrunch-მა გამოაქვეყნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიზნესსამყაროს გაციფრულების ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ორგანიზაციები ცდილობენ, დააჩქარონ რუტინული პროცესები და გაზარდონ პროდუქტიულობა. გაციფრულების ტრენდული კონცეფცია კი საქართველოს ბანკმა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ცნობილ პლატფორმებთან, როგორიც Medallia და Salesforce-ია. აღნიშნული ციფრული ტექნოლოგიები სრულად კლიენტების ინტერესებზეა ფოკუსირებული. შედეგად, ბანკი წარმოადგენს მოქალაქეების გზამკვლევს როგორც ყოველდღიურობაში, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.

როგორც Techcrunch-ის სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ბანკმა მოახერხა ისეთი ციფრული პროდუქტების შექმნა და შეთავაზება მომხმარებლებისთვის, როგორც არის ციფრული ბარათი, მობაილ ბანკით თანხის გადარიცხვა სხვის ანგარიშზე (P2P გადახდები), სრულად ციფრული სამომხმარებლო დაკრედიტების პროცესი, შენაძენის გაკეთება ონლაინ, თანხის გაყოფა, თანხის მოთხოვნა, ინტეგრირებული ონლაინ ჩატი, ინტერნეტ ბანკინგის პლატფორმის სრული რედიზაინი.

„მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია არსებითი და გარდაუვალია, მან ახალი დატვირთვა შეიძინა საქართველოში, რადგან ერთი წესი იშვიათად ერგება ყველას და ინდივიდუალური მიდგომა აუცილებლობას წარმოადგენს, როდესაც საქმე გვაქვს მომხმარებელთა დიდ და ვრცელ ბაზასთან. საქართველოს ბანკს სჯერა ციფრული ტექნოლოგიების ძალის, გვინდა მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი შეთავაზებები და ჩამოვაყალიბოთ უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მომხმარებლებთან“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ადამიანური კაპიტალის მართვის ხელმძღვანელმა ნუცა გოგილაშვილმა, - „ახალი ციფრული პლატფორმები Medallia და Salesforce, გვეხმარება ფეხი ავუწყოთ ჩვენი კლიენტების მუდმივად ცვალებად ქცევას“.

აღსანიშნავია, რომ ბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მთავარი საზომი – Net Promoter Score (NPS)-ი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 47% შეადგინა (მაშინ, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს მხოლოდ 20 ქულა იყო).

გაციფრულების ტენდენციამ გამოიწვია აქტიური ინდივიდუალური მომხმარებლების შთამბეჭდავი ზრდა მობილურ და ინტერნეტ ბანკინგის პლატფორმებზე, რაც მთლიანობაში შეადგენდა მომხმარებელთა ბაზის თითქმის 60%-ს 2021 წლის მესამე კვარტლის ბოლოს,
ეს მაჩვენებელი მხოლოდ 38%-ი იყო ორი წლის წინ. მათგან დაახლოებით 41% აქტიურია ყოველდღიურად.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში ტრანზაქციის 96% განხორციელდა ბანკის ციფრული არხებით, ხოლო ტრანზაქციის თითქმის ნახევარი მობილური აპლიკაციისა და ინტერნეტ ბანკინგის პლატფორმაზე მოდიოდა (ორი წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, აღნიშნული რიცხვი მხოლოდ 22%-ს უტოლდებოდა). 2021 წელს საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ციფრული ბანკინგის 3 მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. აღნიშნული კატეგორიებია: ონლაინ მომსახურება ინვესტიციების სამართავად, პროდუქტების შეთავაზება ონლაინ, ონლაინ საკრედიტო მომსახურება.

"ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ხოლო ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2,5 მილიონს არ აჭარბებს და სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ფულის შენახვას სახლში ამჯობინებდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ეს გასაოცარი შედეგია.

ინკლუზიის დაჩქარება გაციფრულების გზით

ძლიერ საბანკო სისტემას აქვს შესაძლებლობა, გააფართოოს ნებისმიერი საზოგადოების მსოფლმხედველობა. სწორედ ამიტომ, დიგიტალიზაცია არის ბანკის სტრატეგიის ბირთვი, რომლის მიზანია საქართველოში მდგრადი ფინანსური ინკლუზიის განვითარება უახლესი ინსტრუმენტებისა და გადაწყვეტილებების მეშვეობით.

მობილური აპლიკაციის განახლებით, საქართველოს ბანკმა ფინანსური სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. მაგალითად ბიზნეს მობილური ბანკი მორგებულია მყისიერ ბიზნეს ტრანზაქციებს, გადახდებს, და სხვადასხვა საბანკო გადარიცხვებს, რომელიც 2021 წელს დაინერგა. ინტეგრირებული ვირტუალური ბიზნესის ფინანსური მენეჯერი, ფუქციონალი, რომელიც ბიზნეს მობილბანკშია ჩაშენებული, უზრუნველყოფს ისეთი ფინანსური ინდიკატორების მართვას, როგორებიცაა: ფულადი სახსრების ნაკადი, ზრდის ტემპი და ტრანზაქციების საშუალო ზომა.

ასევე დაინერგა ახალი ფუნქცია, ვირტუალური პერსონალური ფინანსების მენეჯერი, რომელიც ეხმარებოდა კლიენტებს ბიუჯეტის დაზოგვის ჩვევაში, პირადი ფინანსების ორგანიზებაში და დაზოგვის მიზნით სახსრების მართვაში.

„ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი სტრატეგიის საფუძველია. ბანკი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში და ვქმნით ციფრულ შესაძლებლობებს, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ციფრული არხები, რაც მათ ყოველდღიურ
ცხოვრებას და ბიზნესს უფრო მარტივს და მოსახერხებელს გახდის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

საქართველოს ბანკი ასევე აქტიურად აგრძელებს უნაღდო-ანგარიშსწორების ეკონომიკის სტიმულირებას, მათგან ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა პანდემიის ფონზე, მათ შორის Soft POS, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად ჩართოს ათასობით მიკრო სავაჭრო ობიექტი სისტემაში, რომლის მეშვეობითაც ობიექტებს შეუძლიათ უკონტაქტო გადახდების მიღება პირდაპირ სმარტფონებიდან.

სტარტაპ პროგრამა 500 Georgia

როდესაც ბანკი მისი მიზნების შეფასებას შეუდგა, მისია, რომ საქართველო სტარტაპ ეკოსისტემების გლობალურ რუკაზე აღენიშნათ, აუცილებელი საკითხი გახდა. ბანკის ხედვა ნათელი იყო: დახმარებოდა ახალ და მომავალ მეწარმეებს მასშტაბირებასა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვაში.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამასთან თანამშრომლობით, ბანკმა გზა გაუხსნა მეწარმეებს რეგიონში 11 სხვადასხვა ბიზნეს ვერტიკალში - ხელოვნური ინტელექტით დაწყებული, თანამედროვე ფერმერული ტექნოლოგიებით, ლოჯისტიკით და უძრავი ქონებით დამთავრებული.

აღსანიშნავია, რომ 28 სტარტაპმა შთამბეჭდავი 212%-იანი ზრდა აჩვენა, მათგან ოთხმა - Agrolabs-მა, Cargon-მა, Cardeal.ge-მ და PAYZE-მ მაღალი პროდუქტიულობა გამოავლინა სილიკონის ველზე.

ინვესტიციები

საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა სრულიად ახალი, საცალო საინვესტიციო პროდუქტია, რომელიც საკმაოდ კარგად არის ინტეგრირებული მობილურ ბანკში, რაც უზრუნველყოფს წვდომას აშშ-ის საფონდო ბირჟაზე.  შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს ინვესტირება საკუთარი მომავლის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმაც შესთავაზა საკუთარ მომხმარებელს, რომელიც ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება, ეს გულისხმობს როგორც უახლესი ტენდენციებისა და გლობალური რეიტინგების მიმოხილვას, ასევე რჩევებს აქციების პორტფელის დივერსიფიკაციის შესახებ", - წერია სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები